ოკუპაციის 200 წელი

ბათიაშვილი: ის, რაზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რუსული იმპერიალიზმის ხანგრძლივი მემკვიდრეობაა

0 კომენტარი
ნუცა ბათიაშვილი ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, ანთროპოლოგმა ნუცა ბათიაშვილმა საქართველოში რუსეთის 200 წლიან ოკუპაციის ისტორიასა და რუსეთის რბილ ძალაზე თავის Facebook გვერდზე დაწერა. 

"გუშინ მთხოვეს, აქციაზე სიტყვით გამოვსულიყავი 200 წლიანი ოკუპაციის თემაზე. სიტყვით ვერ გამოვედი, მაგრამ აქ დავწერ. ეს გადაცემაც აქ იყოს საილუსტრაციოდ.

ის რაზეც დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ, რუსეთის რბილ ძალაზე, ჰიბრიდულ ომზე, რომლითაც საზოგადოების შიგნიდან პოლარიზება ხდება, მართლმადიდებლობის, ეთნიკურობის და სექსუალობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება - ეს არ არის დღეს შეთხზული მითები ან ინტერპრეტაციები. იმიტომ რომ ეს არ არის პუტინის მოგონილი იარაღები. ეს არის რუსული იმპერიალიზმის ძალიან ხანგრძლივი მემკვიდრეობა - ძალადობის ფორმები, რომლებიც ჯერ რუსული იმპერიის პერიოდში და შემდეგ საბჭოთა კავშირის რეჟიმის პირობებში ამუშავებდა ამ გრანდიოზული დამორჩილების მანქნას.

დღეს გველაპარაკებიან კულტურაზე და კულტურულ ნათესაობაზე და ეს კულტურული ნათესაობა ხდება ამ დამორჩილების მანქანის თავშესაფარი; მაშინ გველაპარაკებოდნენ ცივილიზაციაზე და ცივილიზაციურობაზე. როგორი სატყუარაც ახლაა რუსული კულტურა, ისეთი სატყუარა იყო რუსული იმპერიული ცივილიზაციურობა და ალბათ პირველი, ვინც გახსნა და სახეში ააფარა ეს კარტი, იყო ილია ჭავჭავაძე, როცა მგზავრის წერილებში რუსი პერსონაჟის სახით გვაჩვენა, რა შინაარსგამოცლილიც, არსგამოფატრული რამეცაა რუსული ცივილიზაციურობა.

ზუსტად ისე, როგორც დღეს მოძალადეობას გვაბრალებს პუტინი, ისევე როგორც 2008-ში გვაბრალებდა ამას, ზუსტად ასე გვაბრალებდნენ ველურობას, ჩამორჩენილობას და განუვითარებლობას და როგორც ახლა გვპირდება მშვიდობის მტრედობას, მაშინაც ასე გვარწმუნებდა, რომ ველურობისგან გადამრჩენის როლში მოგვევლინა რუსული იმპერია. და რატომ? იმიტომ რომ რუსული იმპერიალიზმი დგას არა მხოლოდ ისეთ ძალადობრივ სისტემაზე, რომელიც ტერიტორიებს ართმევს და ეკონომიკურად ფატრავს, არამედ ისეთ სისტემაზე, რომელიც ცოდნას, ფიქრს და ემოციურ მდგომარეობებს წვრთნის და ამ წვრთნაში ჯერ იმას გასწავლის, როგორი უვარგისი ხარ შენ და როგორი უვარგისია დანარჩენი სამყარო და მერე ამ დაბეჩავებულს და სულწახდილს გაჩეჩებს თავის იურმალას, თავის მოსკოვს, თავის დიდ თეატრს და გეუბნება, აი აქ იხტუნავე ჩემს ღვედზე გამობმულმა.

ამ გადაცემაში, თინა კანდელაკის სიტყვები ზუსტად ასეთი ‘ჩამორჩენილობის’ (მამაჩემმა მასწავლა, კაცებს სიტყვა არ უნდა გააწყვეტინოო), პრინციპული მორჩილების (რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქეობის დათმობა, ჩემი პრინციპული არჩევანი იყოო) და იმპერიალისტური იმპერატივის (ამერიკელების მიერ გადაღუნული ქართული ტვინების გადმოსაღუნად, რუსული ფული უნდა ჩავდოთ განათლებაშიო) გაცხადება და დადასტურებაა.

ამიტომ ეს იდეა, რომ ჩვენ მოძალადეები, გენოციდის მომწყობები ვართ, ახალი ბოდვა კი არაა, ვიღაც შიზოიდი ლიდერის თავში გაჩენილი, ეს არის 200 წლის განმავლობაში შეკოწიწებული და ნასაზრდოები დოგმა ქართველების და ქართველობის შესახებ, როგორც ველური, მოუთვინიერებლი კოლონიისა, რომელსაც ყოველთვის სჭირდება და დასჭირდება თავის მომთვინიერებელი პატრონი - რუსეთის იმპერია. ეს ცხადად ჩანს ამ გადაცემის ყველა მონაწილის კომენტარებში. 

ქართველობის ამ ვერსიას ინახავს თავის თავში ყველაფერი, რასაც ჩვენ დღეს ვებრძვით: ჩვენ ვებრძვით ამ ხედვას, რომ საქართველო ერთი პერიფერული პროვინციაა (როგორც იმ შუშის სასახლეში მოკალათებულმა თქვა ერთხელ), ჩვენ ვებრძვით იმას, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გვეშველება (როგორც ამას ჩვენი დიპლომატები ირწმუნებიან), ჩვენ ვებრძვით იმას, რომ სტალინმა გადაგვარჩინა, და ჩვენ ვებრძვით იმას, რომ რამე საერთო აქვს ქართულ და რუსულ კულტურას; ჩვენ ვებრძვით იმ ფუნდამენტურ, კოლონიისათვის დამახსიათებელ შიშს და ძრწოლას, რომელიც იმპერატორის შეგინებას მოყვება. ჩვენი მიზანი დეოკუპაცია და დეკოლონიზაციაა - ჩვენი გონების და ჩვენი ემოციური მდგომარეობების, პირველ რიგში და ამიტომ, ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყნის სათავეში არავინ, ვისაც არ შეუძლია ამ კოლონიზებული, ღვედზე გამობმული, შიშზე დაფუძნებული ცნობიერებისგან გათავისუფლება."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები