ნიკა მელიას საქმე

გახარიას მოადგილე: მელიას მიერ ვიდეოს გავრცელება არასწორი სტრატეგიაა

იმედი

ნათია მეზვრიშვილის თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ნიკა მელიას მოწოდებების შედეგად პარლამენტის შტურმისა და პოლიციელებზე ძალადობის ფაქტები მოხდა. 

გიორგი გახარიას მოადგილემ ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. 

მეზვრიშვილმა თქვა: 

"რეალობა არის ის, რომ ბატონი ნიკანორ მელიას პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონკრეტული შედეგებ. მოჰყვა ჯგუფური ძალადობა პოლიციელების მიმართ და პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ამ ყველაფერმა კონკრეტული შედეგები გამოიღო და გასაკვირი არავისთვის უნდა იყოს, რომ იმ  კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც პროკურატურამ და შსს-მ მოიპოვეს, დღეს ნიკანორ მელია გახლავთ ბრალდებული".

მან ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ 10 ივლისს გავრცელებულ ვიდეომასალაზეც და კადრების გავრცელება დაცვის არასწორ სტრატეგიად შეაფასა.

"მათ წარმოადგინეს დაცვის მხარისთვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული მტკიცებულების განსხვავებული, მათთვის სასურველი ვერსია. როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის მათთვის სასურველი ვერსიის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას ისახავდა ეს მიზნად. თუმცა, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული და პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ეს ნათლად ვიხილეთ.

ეს კადრები პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა ტელევიზიის მეშვეობით  საზოგადოებამ ნათლად იხილა და  დაცვის მხარის აი ამ მცდარ და არასწორ სტრატეგიასთან დაკავშირებით საზოგადოება სათანადო დასკვნებს გააკეთებს", - თქვა მეზვრიშვილმა. 

დღესვე პროკურატურამ განაცხადა, რომ "ნიკა მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალა მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს, პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით". 

ასევე, პროკურატურის განცხადების მიხედვით: "ნიკანორ​ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა "ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება". 

10 ივლისს ნიკა მელიამ Facebook-ზე 20 ივნისს, ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული უწყვეტი ვიდეო მასალა გამოაქვეყნა. 

ვიდეოზე ჩანს, რომ ოპოზიციური ლიდერები პარლამენტის შესასვლელთან მდგარ ხალხს ეუბნებიან, რომ მათ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს შეთავაზება, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნები გააცნონ. ოპოზიციური ლიდერები ხალხისგან ნებართვას იღებენ, ამ დროს კი მოულოდნელად ცრემლსადენი გაზის პირველი გასროლა ხდება, თანაც არა წინა, არამედ უკანა რიგებში.

20-21 ივნისის ღამის ქრონოლოგია ნახეთ აქ

 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა პროკურატურას უფლება მისცა, ნიკა მელიას დაპატიმრება მოეთხოვა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა. 

ნიკა მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდეს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური და ეკრძალება: 

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე;
  • საზოადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა, საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები