მეზვრიშვილი: სპეც. საშუალებების გამოყენებას ევროპაშიც მოჰყვება ხოლმე ხალხის დაზიანება

იმედი

გახარიას მოადგილე: 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიები არ არის ლეტალური

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ 20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიები არ იყო ლეტალური და პოლიციას მისი გამოყენების უფლება ჰქონდა. 

ტვ იმედის ეთერში მან ასევე თქვა, რომ დემონსტრაციებზე სპეციალური საშუალებების გამოყენებას ევროპაშიც მოჰყვება ხოლმე მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება. 

"ძალიან სამწუხაროა, რომ იმ ღამეს ჩვენი მხრიდან მოჰყვა მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა, ერთი რამ უნდა ითქვას ცალსახად, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო. აბსოლუტურად ყველა სპეციალური საშუალება, რაც იმ ღამეს პოლიციამ გამოიყენა, მათ შორის ეს რეზინის ტყვიები, რომლებსაც ზოგი დათვებზე სანადიროდ განკუთვნილ ტყვიებად მოიხსენიებს, ზოგი მყარი საგნების დასაზიანებლად და ბევრი შეფასება მოვისმინე - კანონმდებლობით ამ ტყვიების გამოყენება გახლავთ დასაშვები. აბსოლუტურად ყველა ის რეზინის ტყვია, რომლის გამოყენებაც იმ ღამეს მოხდა, შსს-ის აღჭურვაში დიდი ხანია, არსებობს და აისი გამოყენება კანონმდებლობით არის დასაშვები. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამორიცხული არაფერია. ამის გამოყენებას აქვს თავისი წესი. სპეციალური საშუალებების გამოყენებას ევროპაშიც, ყველამ ვიცით, მიმდინარეობს ძალადობრივი აქციები, მოჰყვება ხოლმე მომიტინგეების ჯანმრთელობის დაზიანება. 

ის ტყვიები, რომელთა გამოყენებაც მოხდა, არალეტალურად არის მიჩნეული და სამართალდაცვითი მიზნებისთვის არის განკუთვნილი, თვითონ მწარმოებლის მიერ და ეფექტური სროლის მანძილი გახლავთ 10 მეტრი. თუ ვინმემ ამ ტყვიების გამოყენების წესი დაარღვია, შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ დისციპლინურ ან სისხლის სამართლის გადაცდომაზე, თუმცა, აპრიორი იმას ვერ ვიტყვით, რომ ამ ტყვიების გამოყენება არ შეიძლებოდა", - თქვა მეზვრიშვილმა. 

მისივე თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ლეტალური შეიძლება აღმოჩნდეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ხელკეტიც, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოიყენებს პოლიციელი. 

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები