გახარიამ დაშლაზე 1 განცხადება აქციიდან გააკეთა, მე-2 პარლამენტიდან - მეზვრიშვილის ტყუილი

იმედი

გიორგი გახარიას მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს, აქციის დაშლამდე გიორგი გახარიამ მომიტინგეები 2-ჯერ გააფრთხილა, ერთი უშუალოდ აქციიდან, მეორე განცხადება კი პარლამენტის შენობიდან გაკეთდა.

იმედის ეთერში მეზვრიშვილმა თქვა, რომ მათ ასევე არ ჰქონდათ ვალდებულება, მოქალაქეები გაეფრთხილებინათ, ვინაიდან კანონომდებლობა ითვალისწინებს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებს. 

"ჩვენ გვავალდებულებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობა, მათ შორის ეუთოს სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ გაფრთხილება უნდა უძღოდეს. ასევე, გაფრთხილების შემდეგ მომიტინგეებს, რომლებიც კანონს არღვევენ, უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, ზოგ შემთხვევაში ეს არის 15 წუთი, ზოგ შემთხვევაშ 30 წუთი იმისთვის, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები შეწყვიტონ.

თუმცა, იგივე კანონმდებლობა, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სტანდარტები ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევებს, როცა იქ სადაც გადაუდებელი აუცილებლობაა, გაფრთხილება არაგონივრული ან შეუძლებელია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. დავუშვათ, რომ გაფრთხილება საკმარისი არ იყო, მაგრამ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მაშინ, როცა ერთ მხარეს შიშველი ხელებით პოლიცია იყო და ცოცხალი ჯაჭვით ამ ყველაფერს აკავებდა, ხოლო მეორე მხარეს აგრესიული მომიტინგეების ძალიან დიდი რაოდენობა იყო, ამის გაკეთება [გაფრთხილება] იყო შეუძლებელი. ამის ნაცვლად ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა.

2 განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აბსოლუტურად ყველა მედიით ეს განცხადება ტრიალებდა. მოვუწოდეთ მომიტინგეებს, შეეწყვიტათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებდა. იძულებული გახდა პოლიცია, რომ ემოქმედა.

მინისტრი ადგილზე იმყოფებოდა აქციაზე და ერთი განცხადება უშუალოდ აქციიდან გააკეთა, მეორე პარლამენტის შენობიდან. ქალაქის მერი გამოვიდა და ანალოგიური შინაარსის მოწოდება გააკეთა. კანონი პოლიციას ამ შემთხვევაში არ დაურღვევია", - თქვა მეზვრიშვილმა.

20 ივნისის ღამეს აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე, იმ დროს დაიწყო, როცა პოლიტიკოსებმა პარლამენტის შენობაში, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებზე შესვლის შესახებ განაცხადეს.

გაფრთხილების ვალდებულება თბილისის მერიას ჰქონდა, თუმცა, 21 ივნისს მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ ისინი არ იყვნენ მოვალეები, მოქალაქეები დარბევის შესახებ გაეფრთხილებინათ, რადგან ორგანიზატორებმა მერიას 5 დღით ადრე არ შეატყობინეს, რომ აქციის გამართვას გეგმავდნენ.

20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. დაშავდა 38 ჟურნალისტი. ზოგიერთ მოქალაქეს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი უკვე 24 დღეა ითხოვს, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები