აქციის დარბევა

საბანაძე აქციის დარბევაზე: როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც, მასაში ვერ გაარჩევ

შსს

"აქციის დაშლისას მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა," - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საბანაძის თქმით, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. მინისტრის მოადგილის თქმით, "როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ."

„მშვიდობიანი მომიტინგე, ძირითადად, არ დაშავებულა, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ასეთი რამ ხდება, ვინმე დაშავდება კიდეც. მასაში ვერ გაარჩევ, ვინ არის მოძალადე და ვინ მშვიდობიანი მომიტინგე. წესით, იმ ღამეს იქ მშვიდობიანი მომიტინგის ადგილი აღარ იყო, რადგან ჩვენ განვაცხადეთ, რომ იწყებოდა კანონისმიერი ზომების მიღება. როცა გამოვიდა წყლის ჭავლის მანქანა, იქ მშვიდობიანი მომიტინგეები არ უნდა დარჩენილიყვნენ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, კი, დაშავდნენ, მაგრამ მათ წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა. როცა იწყებ აქციის დაშლას, ვერ გამორიცხავ, წყლის ჭავლი მოხვდება თუ არა ჟურნალისტს. როცა აქციის დაშლა იწყება, ხშირად შეუძლებელია გამიჯნო ჟურნალისტი მომიტინგეებისგან, როცა ის ექცევა საერთო მასაში. ამ პროცესს, ბუნებრივია, ახლავს დისკომფორტი, არასასურველი შედეგი და რისკები, ამისგან დაზღვეული არავინ ვართ. ჩვენ არ დაგვირბევია მშვიდობიანი მიტინგი, როგორც მავანს ამის თქმა სურს," - ამბობს საბანაძე. 

20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი ანტირუსული აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. 2 ადამიანი 10 დღის განმავლობაში მართვით აპარატზე იყო. რამდენიმე ახალგაზრდამ ცალი თვალი დაკარგა. 

21 ივნისის დილით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებზე ქუჩა-ქუჩა ნადირობდნენ. 

კომენტარები