დიდი ბრიტანეთი

2021 წლიდან 50 გირვანქა სტერლინგზე ალან ტურინგი იქნება გამოსახული

BBC.com

ინგლისელი მათემატიკოსი, ალან ტურინგი 50 გირვანქა სტერლინგზე იქნება გამოსახული - ამის შესახებ გადაწყვეტილება ინგლისის ბანკმა მიიღო.

ახალი გამოსახულების მქონე 50 გირვანქა სტერლინგი 2021 წლიდან ჩაეშვება ბრუნვაში. ამ დროისთვის 334 მილიონი ცალი 50 გირვანქა სტერლინგი არის ბრუნვაში, რომელიც საერთო ჯამში 17.2 მილიარდს შეადგენს.

"ალან ტურინგი იყო გამოჩენილი მათემატიკოსი, რომლის საქმეებმა უდიდესი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ დღეს. კომპიუტერული მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის დამფუძნებელი მამა, მეორე მსოფლიო ომის გმირი, ალან ტურინგის კონტრიბუცია ინოვაციური და უმნიშვნელოვანესი იყო. ტურინგი არის გიგანტი, რომლის მხრებზეც ძალიან ბევრი რამ დგას", - თქვა ინგლისის ბანკის წარმომადგენელმა.

ინგლისის ბანკმა ალან ტურინგზე არჩევანი კონკურსის შედეგად შეაჩერა. ბანკმა გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მეცნიერი უნდა ყოფილიყო გამოსახული 50 გირვანქა სტერლინგზე და 6 კვირის განმავლობაში 227 299 ცალი პასუხი მიიღო, რომლებიც 989 მეცნიერს მოიცავდნენ.

ამის შემდეგ ჩამოყალიბდა მოკლე სია, რომლებშიც 20-მდე მეცნიერი შედიოდა, მათ შორის სტივენ ჰოკინგი, როზალინდ ფრანკლინი და სხვები.

საბოლოოდ ინგლისის ბანკმა გადაწყვიტა, რომ 50 გირვანქა სტერლინგზე ალან ტურინგი გამოესახათ.

ვინ იყო ალან ტურინგი?

ალან ტურინგი
ფოტო: BBC.com

ალან ტურინგი 1912 წლის 23 ივნისს ლონდონაში დაიბადა. მან კემბრიჯის უნივერსიტეტში მათემატიკა შეისწავლა, სადაც მიხვდა რომ ავტომატური გამოთვლების მანქანებს ყველა მათემატიკური ამოცანის ამოხსნა არ შეუძლიათ. ამის შემდეგ, 1936 წელს ალან ტურინგი ამერიკაში, პრინსტონის უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად. ორი წლის შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა და მუშაობა კრიპტოანალიტიკურ საიდუმლო დეპარტამენტში "Government Code and Cypher School"-ში დაიწყო. სამსახურში ალან ტურინგი რამდენიმე ადამიანთან ერთად კოდების გაშიფვრაზე მუშაობდა. 

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ალან ტურინგმა შექმნა მანქანა, რომელსაც გერმანელების მანქანის "ენიგმას" შეტყობინებების გაშიფვრა შეეძლო. მეორე მსოფლიო ომის დროს ეს იყო გერმანელების კომუნიკაციის მთავარი საშუალება.

ალან ტურინგის მიერ შექმნილი მანქანა თამედროვე კომპიუტერის წინაპარია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს ალან ტურინგმა მანჩესტერის უნივერისტეტში დაიწყო მუშაობა. მეცნიერი ჰომოსექსუალი იყო და 1952 წელს თავის თანამშრომელთან, არნოლდ მიურესთან დაიწყო ურთიერთობა. ამის შემდეგ, ალან ტურინგი დააკავეს და ბრალი უხამსი ქმედებისთვის წარუდგინეს. მაშინ, დიდი ბრიტანეთში ჰომოსექსუალობა დასჯადი იყო. ციხის ნაცვლად, ტურინგი ქიმიურ კასტრაციას დათანხმდა, რამაც მისი ფიზიკური და ფზიქიკური ჯანმრთელობის განადგურება გამოიწვია. 1954 წლის, 8 ივნისს 41 წლის ალან ტურინგი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები