20 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 4 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი დააკავეს.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ისინი "სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას, უწევდნენ მათ წინააღმდეგობას და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას".

"კერძოდ: 1992 წელს დაბადებული კ.ღ. გამოირჩეოდა პოლიციელების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით და ცდილობდა მათთვის ფარის წართმევას. ასევე, მან ერთ-ერთი სამართალდამცველი კორდონიდან ხალხის მასაში გაათრია. 1979 წელს დაბადებული ვ.გ. ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. მან სოციალურ ქსელში განათავსა 20 ივნისს, პარლამენტის შენობასთან გადაღებული ვიდეო, სადაც ხალხს საგნების სროლით, პოლიციის კორდონზე შტურმისკენ მოუწოდებს და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.

1996 წელს დაბადებული ი.მ. სამართალდამცველს რეზინის ხელკეტს ურტყამდა და შეკრებილებს პოლიციელებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდა. რაც შეეხება 1997 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს, იგი მოქმედებდა განსაკუთრებული აგრესიით, პოლიციელებს ართმევდა დამცავ ფარებს და ფიზიკურ შეტევას ახორციელებდა მათზე", - ამბობენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დღეის მდგომარეობით, პასუხისგებაშია მიცემული 9 პირი. მათ შორისაა ნიკა მელიაც, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი.

"მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს ვიდეოსაც ავრცელებს:

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

კომენტარები