სირცხვილია

"სირცხვილია 26.0" დასრულდა - პარლამენტთან აქცია ხვალ კვლავ განახლდება

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე აქცია "სირცხვილია 26.0" დასრულდა. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთან ხვალ, 16 ივლისს კვლავ შეიკრიბებიან. აქცია ტრადიციულად, 19:00 საათზეა ჩანიშნული.

უკვე დაგეგმილია მიმდინარე კვირის სხვა აქციებიც - ოთხშაბათს წიგნის ფესტივალი, პარასკევს ელექტრონული მუსიკა მშობლებისთვის, შაბათს გრანდიოზული ღონისძიება და სიურპრიზი აქციების დაწყებიდან ერთი თვის გასვლასთან დაკავშირებით. ორგანიზატორებმა დღეს თქვეს, რომ სექტემბრის თვემდე აქციების გამართვისთვის საჭირო ბიუჯეტი ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უკვე 26 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. 

კომენტარები