ახალი საკალათბურთო არენა

ვლადიმერ ბოისა: Eurobasket 2021-ისთვის საქართველოში ახალი დარბაზი აშენდება

15 ივლისს, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო და ოთხ გამარჯვებულს შორის საქართველოც მოხვდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ კომენტარი პირველ არხთან გააკეთა.

"ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ბოლო ორ-სამ წელში. სამი თვის წინ იყო არჩევნები „ფიბაში“ (FIBA) და ჩვენ სწორ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი, რომელმაც მოიგო. ძალიან დიდი პრობლემა იყო დარბაზი, რადგან ჯერჯერობით, არ გვაქვს ისეთი არენა, რომელიც 10 000 კაცს დაიტევს, თუმცა ახლა მთავრობამ პირობა მოგვცა, რომ ტურნირამდე ასეთი დარბაზი აშენდება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაგვიჭირა და განაცხადა, რომ ასეთ დარბაზს ააშენებენ. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, როგორც კალათბურთის ქვეყანა ევროპაში უკვე ცნობილები ვართ. ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია, სპორტისთვის ძალიან კარგია, ტურისტული კუთხით არის უმაგრესი და რა თქმა უნდა, კალათბურთისთვის არის საუკეთესო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ.

კომენტარები