20 ივნისის აქციის დარბევა

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 

პროკურატურის განცხადებით, მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

"კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა დაკავებულ პირზე.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს."- აცხადებენ პროკურატურაში. 

ცნობისთვის, შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ 4 პირი გუშინ დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

კომენტარები