ჭიდაობის ფედერაცია

მთავრობამ ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობა გაუარესებულად შეაფასა, თუმცა ბიუჯეტი გაუზარდა

1tv.ge

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის შესახებ გავრცელებული კვლევის თანახმად, 2016-დან 2018 წლამდე ფედერაციის კარგი მმართველობის ქულა გაუარესდა, ამისდა მიუხედავად კი საბიუჯეტო დაფინანსება 2 100 000 ლარით გაიზარდა.

2016 და 2018 წლებში სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შემდეგ კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კარგი მმართველობის კომპონენტში ჭიდაობის ფედერაციის საქმიანობა შეაფასა. 25 ქულიდან ფედერაციის საქმიანობამ 2016 წელს 16.4 დაიმსახურა, ორი წლის შემდეგ კი - 14.11.

გაუარესებული ქულის მიუხედავად, 2016 წელთან შედარებით 2018 წელს ჭიდაობის ფედერაციის დაფინანსება ერთი მილიონი ლარით უნდა გაზრდილიყო, 3 500 000-დან 4 500 000 ლარამდე, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, ფედერაციის დაფინანსება 2 100 000 ლარით, 5 600 000-მდე გაიზარდა.

2018 წელს ჭიდაობის ფედერაცია კარგი მმართველობის კომპონენტით 25-ე ადგილზე იყო იმ 33 ფედერაციას შორის, რომელმაც ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე დიდი დაფინანსება მიიღო.

ამას გარდა, საერთაშირისო გამჭვირვალობის კვლევაში საუბარია კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე. მაგალითისთვის, გასული ოთხი წლის მანძილზე გაწეული მომსახურებისთვის ფედერაციამ 1 600 000 ლარი გადაურიცხა სასტუმროს, რომლის მფლობელი უმრავლესობის წევრი დეპუტატის, ლერი ხაბელოვის დაა. ამასთან, 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის იანვარში ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ 40 000 ლარის ოდენობის პრემია მიიღო, ხოლო ადმინისტრაციის უფროსმა და კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაახლოებით 27 000 ლარის ოდენობის. როგორც კვლევაშია ნათქვამი, სხვებზე გაცემულ პრემიებს ეს სამი გაცილებით აღემატება.

კომენტარები