თურქეთი - რუსეთი

ერდოღანი:S-400 ტიპის სარაკეტო სისტემას 2020 წლის აპრილამდე განვალაგებთ

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
REUTERS

15 ივლისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2020 წლის აპრილამდე რუსულ სარაკეტო სისტემას თავიანთ ადგილას განალაგებდნენ. აღნიშნული განცხადება მან 2016 წლის "სამხედრო გადატრიალების მცდელობის" მე-3 წლისთავზე გააკეთა. 

"S-400 ყველაზე მძლავრი თავდაცვითი სისტემაა მათ წინააღმდეგ, ვისაც ჩვენ ქვეყანაზე თავდასხმა სურს. ღვთის ნებით, ჩვენ ამას რუსეთთან ერთობლივი ინვესტიციით ვაკეთებთ და ასეც გავაგრძელებთ," - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ისიც თქვა, რომ 8 თვითმფრინავისთვის რუსული სისტემის ნაწილები უკვე იყიდეს და უფრო მეტის მიღებას ელოდებოდნენ.

12 ივლისს თურქეთმა რუსული S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის პირველი ნაწილი მიიღო. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სისტემას სირიის საზღვართან განათავსებენ.

აშშ-მა უკვე დაიწყო თურქეთის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან გარიცხვის პროცესი და შეაჩერა თურქი პილოტების წვრთნა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაისში თქვა, რომ რუსეთისაგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ ანკარა მოსკოვთან ერთად S-500 ტიპის თავდაცვის სისტემის წარმოებაზეც იმუშავებს.

აშშ-მა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას პრობლემატური უწოდა და თქვა, რომ ეს რისკის ქვეშ დააყენებს მათთვის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვას, თუმცა ამის თაობაზე ერდოღანმა თქვა, რომ აშშ ამ საკითხზე ყოყმანობს და თურქეთი საბრძოლო თვითმფრინავებს ადრე თუ გვიან მაინც მიიღებს.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არ სურთ ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების რუსულ სარაკეტო სისტემასთან განთავსება, რადგან ამგვარად, შესაძლოა, რუსეთმა მისი სისუსტეების შესხებ ინფორმაცია მოიპოვოს.

შეთანხმების მიხედვით თურქეთი რუსეთისაგან დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების S-400 ტიპის სარაკეტო სისტემებს შეიძენს.

თურქეთი და რუსეთი იარაღის შეძენის შესახებ მოლაპარაკებებს წელიწადზე მეტია აწარმოებენ.

შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სიტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ რუსული S-400-ის ყიდვით თურქეთი NATO-ს არ ემიჯნება. მისი თქმით, ამ შენაძენის გამო ანკარა არ უნდა გამოითიშოს F-35 პროექტიდან.

კომენტარები