20 ივნისის საქმეზე შსს-ს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს

20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავეს. მას აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართული ბრიფინგის დროს გახდა ცნობილი.

"საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივის წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თამაშრომელმა იარაღის გამოყენებით გადაამეტა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, კერძოდ დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს", - თქვეს ბრიფინგიზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დააკავეს.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა ისიც, რომ ბრალდების მხარე სასამართლოზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ეს არ არის შსს-ს პირველი თანამშრომელი, რომელიც 20 ივნისის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს. გუშინ, 15 ივლისს, პროკურატურის ბრიფინგზე იმავე მუხლით ერთი სამართალდამცველის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

კომენტარები