სირცხვილია

პარლამენტთან აქციის ორგანიზატორებმა სტუდია მოაწყვეს და გადაცემა მიჰყავთ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის "სირცხვილია 27.0"-ის ორგანიზატორებმა სცენაზე სტუდია მოაწყევს და გადაცემა მიჰყავთ.

გადაცემის წამყვანები ორგანიზატორები შოთა დიღმელაშვილი და მიშა მშვილდაძე არიან, ამასთან ერთად მათ სტუდიაში ეყოლებათ სტუმრებიც. გადაცემის პირველი სტუმარი თინა ხიდაშელია.

აქციის ორგანიზატორების თქმით, გადაცემა პარლამენტთან ყოველდღე იქნება და მისი ხანგრძლივობა ერთი საათი იქნება.

პარლამენტთან ადამიანები უკვე 27 დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

კომენტარები