უკრაინა

უკრაინის საკონსტიტუციო: კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები თანაბრად ანტიჰუმანური იყო

AFP

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის დეკომუნიზაციის შესახებ. მასში ნათქვამია, რომ კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები თანაბრად დანაშაულებრივი, რეპრესიული და ანტიჰუმანური იყო. 

"თავიანთი დანაშაულებრივი ხასიათით კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები იყო ერთნაირი, მათი მთავრობების მიერ რეპრესიული პოლიტიკის განხორციელების მეთოდები - იდენტური", - წერია გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინული კანონმდებლობით ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების დაგმობა და მათი სიმბოლოების გამოყენების აკრძალვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - არ დაუშვას ტოტალიტარული წარსულის დაბრუნება.  

2015 წელს უკრაინაში მიიღეს დეკომუნიზაციის კანონი. გარდა საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვისა, დოკუმენტი ასევე მხარს უჭერდა ბრძანებას კომუნისტი პირების ძეგლების დემონტაჟის, ასევე მათი სახელობის ქუჩებისთვის სახელის შეცვლის შესახებ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ვლადიმირ ლენინის 2 000-მდე ძეგლი აიღეს. 

იმავე წლის დეკემბერში ქვეყანაში აიკრძალა კომუნისტური პარტია, რომელსაც უკრაინის რადაში ევრომაიდნის მოვლენებამდე ფრაქცია ჰქონდა. 

2017 წლის მაისში რადას ზოგიერთმა დეპუტატმა ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რის შემდეგაც იქნა გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კომენტარები