ჯულიან ასანჟი

ეკვადორის ექსპრეზიდენტი ასანჟზე: არ შეგვიმჩნევია, რომ ის აშშ-ის არჩევნებში ერეოდა

ჯულიან ასანჟი
Reuters

ეკვადორის ყოფილმა პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ თქვა, რომ ქვეყნის მთავრობამ არ იცოდა იმის შესახებ, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა, პოლიტიკურ თავშესაფარს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩასარავად იყენებდა.

"ჩვენ არ შეგვიმჩნევია, რომ ის არჩევნებში ერეოდა და ჩვენ ამას არ დავუშვებდით, რადგან ჩვენი პრინციპები და ნათელი ღირებულებები გვაქვს, რამდენადაც არ გვსურს, რომ ვინმე ჩვენს არჩევნებში ჩაერიოს. ჩვენ ვერ დავუშვებდით ეს მომხდარიყო უცხო ქვეყნის მიმართ და ისეთი მეგობრული ქვეყნის მიმართ, როგორიც აშშ-ა."

კორეამ ასანჟს თავშესაფარი 2012 წელს მიანიჭა, რადგან მას შვედეთში ექსტრადიცია ემუქრებოდა სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო.

მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც CNN-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური ანგარიში დაზვერვის მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც აღწერს, თუ როგორ იყენებდა ასანჟი ეკვადორის საელჩოსაგან მიღებულ თავშესაფარს იმ ინფორმაციების გადავრცელებლად, რამაც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაზე გავლენა მოახდინა. ანგარიშში ნახსენებია ასანჟის შეხვედრები რუსეთის წარმომადგენლებთან და ჰაკერებთან, რის შედეგადაც WikiLeaks-ის მიერ მოპოვებული ინფორმაცია რუსეთის ხელში აღმოჩნდა.

"WikiLeaks ამას იმით ამართლებს, რომ ისინი ჭეშმარიტ ინფორმაციას აწვდიდნენ ხალხს. მართალია, მაგრამ ეს მხოლოდ ჰილარი კლინტონთან და დონალდ ტრამპთან არ იყო დაკავშირებული. ისინი მხოლოდ სიმართლეს არ ამბობდნენ და სიმართლის სრულად არ თქმა მანიპულაციაა. ჩვენ ამას არ დავუშვებდით." თქვა კორეა.

მან უარყო, რომ მისი მთავრობა ასანჟთან ერთად ტრამპის მხარდასაჭერად მუშაობდა.

"მე უფრო ახლოს ვარ კლინტონთან, ვიდრე ტრამპთან. მე ჰილარის ვიცნობ, მე მას პატივს ვცემ. მე აშშ-ში სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობდი, როდესაც ბილ კლინტონი პრეზიდენტი იყო. ტრამპი ჩვენი მიგრანტების მტერია. რატომ დავუჭერდით მას მხარს? ეს აზრს მოკლებულია." თქვა მან.

კორეა ასანჟს გაემიჯნა, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მას იცავდა:

"იცით რამდენჯერ მისაუბრია ასანჟთან? არცერთხელ. მე მას არ ვიცნობ. მხოლოდ ერთხელ ჩამომართვა ინტერვიუ, როდესაც Russia Today-სთვის მუშაობდა და ისიც Skype-ით." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ასანჟი ეკვადორის საელჩოში მაისში დააკავეს. მას გირაოს პირობების დარღვევის გამო დიდი ბრიტანეთის სასამართლომ 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აშშ-მა მას 18 ბრალი აქვს წარდგენილი, მათ შორის არის საიდუმლო წყაროების სახელების მისაღებად შეთქმულება და მათი უკანონოდ გამოქვეყნება. საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტების გამოქვეყნება აშშ-ის ჯაშუშობის შესახებ კანონის დარღვევაა. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ასანჟი მუდმივად უბიძგებდა მის წყაროებს, რომლებსაც გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა, მოეპარათ ეს ინფორმაცია და WikiLeaks-ისთვის მიეწოდებინათ, ხოლო მას შემდეგ, რაც ყოფილი სამხედრო ჩელსი მენინგი დაითანხმა, მას სამხედრო კომპიუტერების პაროლების გატეხვაში ეხმარებოდა.

ასანჟი ამბობდა, რომ აშშ-ში ექსტრადირების შემთხვევაში მას WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ.

ეკვადორის პრეზიდენტის, ლენინ მორენოს თქმით ბრიტანეთმა მას გარანტია მისცა, რომ ასანჟის ექსტრადიცია არ მოხდება იმ ქვეყანაში, სადაც მას სიკვდილით დასჯა დაემუქრება.

წაყენებული ბრალდებების ნაწილი დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აშშ-ის გარდა ასანჟის ექსდრატიციას შვედეთიც ითხოვს.

შვედეთში გამოძიება WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მიერ ქალის გაუპატიურების შესახებ ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ხელახლა გახსნეს.

კომენტარები