აქცია-პერფორმანსი

"რუსეთი ოკუპანტიას" აქცია-პერფორმანსი შსს-სთან

მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიამ" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა. მონაწილეთა მოთხოვნა კვლავ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა. 

მოძრაობის წევრებმა თეთრი კომბინიზონები ჩაიცვეს და თვალზე სამიზნე აიფარეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, გახარიას მათთვის შეეძლო ისევე ესროლა, როგორც 20 ივნისის დაზარალებულებს ესროლა.   

"გიორგი გახარიას შეუძლია იმავე წარმატებით გასცეს ბრძანება და მისი ქვეშევრდომები ცივსისხლიანად დაგვთხრიან თვალებს, ჩვენც იგივენაირი სამიზნეები ვართ. ეტყობა, არ აპირებს ბატონი ივანიშვილი უკან დახევას, აქებს და ადიდებს გიორგი გახარიას. ვნახოთ, ბატონო ბიძინა და ბატონო გიორგი, ვინ იქნება მაგარი ბიჭი და ვინ დარჩება მოგებული. ბოლოს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და გაიმარჯვებს სამართალი, რომელიც ჩვენ მხარესაა,"-თქვა გიგა მაქარაშვილმა.  

ორგანიზატორთა თქმით, აქცია-პერფორმანსები მანამ არ დასრულდება, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს. 28-ე დღეა პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია იმართება.   

კომენტარები