მიკროსაფინანსო ორგანიზაციები

მიკროსაფინანსოების მოგება წლიურად თითქმის 11-ჯერ, ორგანიზაციების რაოდენობა 12-ით შემცირდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა. თუ 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, 16 ივლისის მონაცემებით, 55 აქტიური მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარჩენილი.

12-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ლიკვიდაცია გასული წელიწადნახევრის განმავლობაში გამოაცხადა, აქედან ნახევარმა 2019 წლის პირველი იანვრის, ანუ საბანკო რეგულაციების შემოღების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ახალი რეგულაციებით, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება ევალებათ. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი, თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს.

ამ რეგულაციამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგანაც მათი კლიენტების უმრავლესობა მაღალი რისკიანობისაა. შესაბამისად, შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივებიც და წმინდა მოგებაც.

რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის პირველ კვარტალში, მიკროსაფინანსოების მთლიანი აქტივები თითქმის 12%-ით (183 მილიონ ლარზე მეტი) შემცირდა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსოების მოგებას, 2019 წლის პირველ კვარტალში მათი წმინდა მოგება თითქმის 11-ჯერ შემცირდა და მინუსში გავიდა - წაგება 51 170 047 ლარს შეადგენს, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება 5 233 477 ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 4387 ადამიანი იყო დასაქმებული. მას შემდეგ ექვსმა მიფროსაფინანსომ გამოაცხადა ლიკვიდაცია, სავარაუდოა, რომ დღეისთვის დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია.

კომენტარები