უკვე 28 დღეა, რაც საქართველოს პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
დღეს, 17 ივლისს, აქციის 28-ე დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნის დღე მოეწყო.
პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები 28 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლით დაარბია.
ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო.