გახარია: ბიძინა ივანიშვილმა აქციის დაშლის შესახებ მეორე დღეს გაიგო, დამირეკა და ავუხსენი

ლიბერალი

"მეორე დღეს, დრო არ მახსოვს" - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კითხვას, როდის გაიგო ბიძინა ივანიშვილმა 20-21 ივნისის აქციის დარბევის შესახებ.

კითხვაზე, ანუ იმავე ღამეს არ იცოდა?, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ "არა". შს მინისტრის თქმითვე, ბიძინა ივანიშვილმა 21 ივნისს დაურეკა და "მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს".

20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოლაქო პირი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა. ასევე, კლინიკებში გადაიყვანეს 80 სამართალდამცველი. მას შემდეგ, პარლამენტთან ათასობით ადამიანი შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. თუმცა, გიორგი გახარია ამბობს, რომ  წასვლას არ აპირებს და გამოძიებას დაელოდება.

"გავრილოვის ღამესთან" დაკავშირებით, გამოძიება ორი კუთხით დაიწყო - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და სახელმწიფო ამბოხის მუხლებით, რა დროსაც, აქციის 11 მონაწილე დააკავეს, ასევე, ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას. ხოლო მეორე საქმე ცალკეული პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ეხება - დაკავებულია ორი სამართალდამცველი.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით პირველი კომენტარი 17 ივლისს გააკეთა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო გადატრიალებას გადაარჩინა. მისი თქმით, გახარიას გადადგომა "სამშობლოს ღალატი" იქნება და ეს "მხოლოდ ნაცებს უნდათ". ამასთან, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ აქციის დაშლის ბრძანება მას არ გაუცია.

"ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყვიან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი. ასეთ სიბრიყვეს და ასეთ ბრიყვულ კითხვას... თქვენ არ გაყენებთ შეურაცხყოფას, მათგან მოდის" - თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ.

კომენტარები