რუსთავი 2-ის საქმე

წულუკიანი: რუსთავი 2-ის საქმეზე დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა

ტაბულა

თეა წულუკიანი რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. 

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე დავა სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა. 

წულუკიანის განცხადებით: 

"გადაწყვეტილებას ერთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხიც, რაც შეეხება ურთმელიძესა და ქალბატონ თოდუას, ამ საკითხთან დაკავშირებით, უმცირესობაში დარჩენილი იმ ერთი მოსამართლის ნაწილობრივ განსხვავებული აზრი, რომელმაც როგორც გადაწყვეტილებიდან ჩანს, სწორედ ამ ორ კომპონენტში სამართლიანი სასამართლოსი მისცა წინააღმდეგ ხმა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი: მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შუამდგომლობა, რომელიც უარყოფილ იქნა როგორც: „სრულიად დაუსაბუთებელი“, - თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ვინაიდან რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიება გააუქმა, მისი აღსრულება დღესვე შეიძლება, თუმცა, ეს ტელეკომპანიის მფლობელზე, ქიბარ ხალვაშზეა დამოკიდებული და არა სახელმწიფოზე. 

"სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანად არის დამოკიდებული ტელეკომპანიის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 პალატის გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება რუსთავი 2-ის საქმეზე არ დარღვეულა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ახალ მესაკუთრეს, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, აქვს გადაწყვეტილების თავისუფლება და გვეტყვის, როგორია ის. 

რაც შეეხება იმას, კმაყოფილი ვართ თუ არა ჩვენ ამ გადაწყვეტილებით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება აღწერს იმას, რისი მოლოდინიც ჩვენ მხარეს ჰქონდა. ჩვენი 400-ზე მეტ გვერდიანი შესაგებლები, მათ შორის სხვადასხვა დროს წარდგენილი, მესამე მხარეების საპასუხოდ, სრულად იქნა გაზიარებული ევროპული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები იყო სამართლიანი და სანდო და ეს არ დადგენილა ზოგადი მსჯელობის შედეგად და თითოეული მოსამართლის, მოსამართლის ოჯახის წევრების ქცევებიც კი იქნა გაანალიზებული და შეფასებული და ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები არის აბსოლუტურად დაუსაბთებელი. რაც მთავარია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში სასამართლომ დაუშვებლად სცნო სარჩელი", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. 

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ასევე, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგმა შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

კომენტარები