რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს გადაწყვეტილება, გვარამია R2-ში ვერ დარჩება

0 კომენტარი
ფოტო: http://exclusivenews.ge

რუსთავი 2-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად ცნო და აღარ არსებობს ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე ისაა და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვეს. 

"დღეს სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დროებით ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია.

აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არცერთი უფლება",- წერს ხალვაში.

მისივე თქმით, არ აპირებს შეეხოს არხის სარედაქციო პოლიტიკას. ხალვაში აღნიშნავს, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ნიკა გვარამიას, რომელიც რუსთავი 2-ში ვერ გააგრძელებს მუშაობას ვერც გენერალური დირექტორის და ვერც ჟურნალისტის სტატუსით.

"არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი "რუსთავი2"-ის ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველნაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში. 

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ "რუსთავი2" იყოს წარმატებული და პოპულარული არხი. 

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია", - წერს ხალვაში.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის ყოფილ მფლობელებთან დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან საწყის ეტაპზე თანამშრომლობა ვერ შედგა, მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესი.

"არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი", - წერს ხალვაში.

ის მადლობას უხდის ყველა გულშემატკივარსა და თანამებრძოლს და აღნიშნავს, რომ ეს არა არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება.

"ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!", - აღნიშნავს ხალვაში.

ამასთან, ქიბარ ხალვაში განცხადებაში წერს, რომ ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას იბარებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები