რუსთავი 2-ის საქმე

სააკაშვილი: რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, იყო რუსთავი 2 და ახლა მიაქვს - არ შევეგუები

0 კომენტარი
ფოტო: unian.net

მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილი "საქართველოს კლავს და ქართული ერის იდეას ანადგურებს".

"ივანიშვილს მიაქვს მთელი საქართველო, მან უკვე წაიღო და ჯიბეში ჩაიდო პრაქტიკულად მთელი ქართული ბიზნესი, მთელი ბიუჯეტი, საქართველოს მიწები, საქართველოს ტყეები, მთლიანად ჩაიგდო ხელში სასამართლო სისტემა და მთლიანად ჩაიგდო ხელში პროკურატურა, სამართალდამცავი სტრუქტურები, მმართველობის უკლებლივ ყველა რგოლი. ივანიშვილი კლავს საქართველოს და ანადგურებს ქართული ერის იდეას. რაც ვერ მიჰქონდა ივანიშვილს, ეს იყო "რუსთავი 2", ახლა ივანიშვილს მიაქვს. მეგობრებო, მინდა გკითხოთ, რა არის თქვენი გადაწყვეტილება? წყნარად დავდგეთ და შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს, საქართველოს თუ ამოვიღოთ ხმა და დავდგეთ ერთად,მოვაშოროთ ეს საზიზღრობა საქართველოს მმართველობას და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ეს აღარ არის საუბარი პარტიებზე, პოლიტიკოსებზე, გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, გვინდა, რომ გვქონდეს სამშობლო თუ გვინდა, რომ საბოლოოდ ჩავაბაროთ საქართველოს დაუძინებელ მტერს? მე არ ვაპირებ გაჩერებას და მე არ ვაპირებ ამაზე შეგუებას, მე ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თქვენთან ერთად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს საუკეთესო შვილები აპირებენ ბოლომდე ბრძოლას",- ამბობს სააკაშვილი. 

სააკაშვილმა ყველას მობილიზაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქვეყანა საგანგებო სიტუაციაშია. 

"ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება და მოდი გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ეს საზიზღრობაა, ბოროტებაა, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ ხელშია რ უნდა ჩაიგდონ საქართველო. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზებას. 

ყველა ძალას მოვუწოდებ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი. ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე, ივანიშვილის მოშორებამდე. მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ვიდგებით ერთად და მზად ვარ, ერთად ვიბრძოლოთ",- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები