სირცხვილია

"სირცხვილია 29.0" - დღეს დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ

პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" გრძელდება. დღეს, 19:00 საათზე სპიკერები ქვეყანაში დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

"20 ივნისს, "გავრილოვის ღამეს", გიორგი გახარიას მიერ გაცემული უკანონო ბრძანების შედეგად, მედიის 38 წარმომადგენელი დაშავდა.

29-ე დღეა, მედია ჩვენს პროტესტს აშუქებს.

დღეს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასა და ჩაურევლობას.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროტესტის 29-ე დღე დავუთმოთ მედიას, სპიკერები ისაუბრებენ დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის არსებობის მნიშვნელობაზე ქვეყანაში.

19:00-დან, ქვეყნის სამსახურში გელოდებით!", - წერია აქციის ანონსში.

დღეს, 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უკვე 29 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები