იტალია

სალვინის თქმით იტალიის პარლამენტის დასაშლელად და არჩევნების დასანიშნად დრო კიდევ არის

ლუიჯი დი მაიო და მატეო სალვინი
ANSA

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა მატეო სალვინიმ თქვა, რომ ჯერ კიდევ არის დრო იტალიის პარლამენტის დასაშლელად და ზაფხულის შესვენების შემდეგ არჩევენების დასანიშნად.

სალვინიმ თქვა, რომ არსებული მთავრობის შენარჩუნება დამოკიდებულია სამთავრობო კოალიციაში მათი პარტნიორის "5 ვარსკვლავის მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე და მათთან რეგიონული ავტონომიის გაზრდაზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანამშრომლობაზე.

"5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერი ლუიჯი დი მაიო კი ამბობს, რომ სხვაგვარი სამთავრობო კოალიციის შექმნა შეუძლებელია და ალტერნატიულ ვარიანტებ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობის სახით არ განიხილავენ.

იტალიის კოალიციური მთავრობის პარტნიორებს შორის დაპირისპირება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენის დანიშვნას მოჰყვა.

"ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

ამის შემდეგ ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ "ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ვერ მიიღო გარანტია მათი პარტიის წარმომადგენელის, ჯანკარლო ჯორჯეტის კომისიის წევრობის საკითხზე და მათმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ევროპაში იტალიის იზოლაცია გამოიწვიოს. "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ევროკომისიის პრეზიდენტად გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი 383 ხმით 327-ის წინააღმდეგ გუშინ აირჩიეს. ის ამ პოსტზე პირველი ქალი იქნება და ჟან-კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.

ფონ დერ ლეიენი, რომელიც წარსულში გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე მსახურობდა, სოციალურ საკითხებში, სიღარიბესთან ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვაში ევროკავშირის როლის ზრდას უჭერს მხარს. ის ასევე მომხრე იყო ბრექსითის თარიღის ხანგრძლივად გადაწევის.

არჩევის შემდეგ მან თქვა, რომ 2024 წლამდე ევროკავშირის საზღვრებზე სასაზღვრო ძალების რაოდენობა 10,000-მდე უნდა გაიზარდოს, თუმცა თავშესაფრის მაძიებელთათვის ჰუმანიტარული კორიდორები უნდა დარჩეს. მან ასევე წამოაყენა ევროკავშირის ხელახალი დაზღვევის სქემა, რომელიც გააძლიერებს ცალკეული ქვეყნების დაზღვევის სქემებს უმუშევართათვის.

კომენტარები