რუსთავი 2-ის საქმე

გოგუაძე: ხელისუფლების სტანდარტია, რომ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე აღსრულება არ იწყება

რუსთავი 2

თავისუფალი დემოკრატების წევრის, ნინო გოგუაძის თქმით, ხელისუფლების დაწესებული სტანდარტია, რომ სანამ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, აღსრულების მექანიზმი ძალაში არ შევა. 

"აქ ჩნდება საშუალება და არსებობს საშუალება, რომელსაც "რუსთავი 2“ აუცილებლად გამოიყენებს და გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას დიდ პალატაში. თვითონ ხელისუფლებამ დააწესა ის სტანდარტი, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომ სანამ დიდი პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც მან თვითონ გაასაჩივრა, მანამდე აღსრულების მექანიზმი არ შევიდა ძალაში", - თქვა გოგუაძემ. 

დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ერთი მუხლის დიდ პალატაში გასაჩივრების უფლება აქვთ, იმ შემთხვევაში კი, თუ ამ მუხლის განხილვამდე და გადაწყვეტილების გამოტანამდე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს გადაიფორმებს, კანონი დაირღვევა, ასევე, "საქმე სრულად დაიშლება". 

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილი საქმეზე თეა წულუკიანი ამბობდა, რომ სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ გამოვა, შსს-ის ყოფილ მინისტრს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ვერ დაუდგინდება და ამ პრინციპით უნდა მოხდეს ხელმძღვანელობა რ2-ის საქმეზეც, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იძლევა საშუალებას, ერთი მუხლი დიდ პალატაში გასაჩივრდეს. 

2017 წლის 28 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამ მუხლის დარღვევა სტრასბურგის ისტორიაში მეშვიდედ, ხოლო ევროსასამართლოს დიდი პალატის ისტორიაში პირველად მოხდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკვშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდა.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 2016 წლის 17 ოქტომბერს ამბობდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება არა მხოლოდ ძალაში არ შევა, არამედ ამ საქმის განხილვა დიდ პალატაში თავიდან დაიწყება:

“ჩვენ დღეს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში, ის მიექცევა აღსასრულებლად და სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატში ამ საქმის განხილვა დაიწყება თავიდან”,- განაცხადა წულუკიანმა 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

კომენტარები