FaceApp

ამერიკელი სენატორი ფედერალურ ბიუროს სთხოვს, FaceApp-ის საქმიანობა გამოიძიოს

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი FBI-ს სთხოვს, რუსული აპლიკაცია FaceApp-ის საქმიანობა გამოიძიოს. აპლიკაცია მომხმარებელთა ფოტოებს იყენებს, რათა მათი სახე "დააბეროს" და "გააახალგაზრდავოს". ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სენატორის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეთა პირადი მონაცემები, შესაძლოა, "არამეგობრულ უცხო ძალას" გადაეგზავნოს.  

ჩაკ შუმერის მოწოდებამდე დემოკრატების ეროვნულმა კომიტეტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებსა და მათ საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირებს მოუწოდა, რომ არ გამოეყენებინათ აპლიკაცია.  

"არ ვიცით, რა რისკებს შეიცავს აპლიკაცია, თუმცა აშკარაა, რომ მისი გამოყენებისგან თავის შეკავება რისკებს გადაწონის,"- ურჩია მომხმარებლებს დემოკრატების ეროვნულმა ინსტიტუტმა. 

FaceApp-ის თქმით, მომხმარებელთა პირადი მონაცემები რუსეთში არ იგზავნება.  

"იმის მიუხედავად, რომ კომპანია რუსულია და დეველოპერთა გუნდი რუსეთში მოღვაწეობს, პირადი მონაცემები რუსეთში არ იგზავნება,"- თქვა FaceApp-მა.

აპლიკაცია 2017 წელს შეიქმნა და ამ დროისთვის 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია 2017 წელს გააკრიტიკეს, ის მომხმარებელს ეფექტს სთავაზობდა, რომელიც სახეს წარმომავლობის მიხედვით ცვლიდას. კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ეფექტი გააუქმა. 

კომენტარები