რუსთავი 2-ის საქმე

NGO-ები R2-ზე: მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა

"ახალი მოცემულობა ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედიაგარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის" - არასამთავრობო ორგანიზაციები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.  NGO-ები აღნიშნავენ, რომ გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

"საქართველოს პოლიტიზირებულ მედიაგარემოში ტელეკომპანია რუსთავი 2 დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ რუსთავი 2-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს ატლანტიკური საბჭო , მწვანე ალტერნატივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

 

კომენტარები