რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: გამოვრიცხავ, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გავლენა ივანიშვილს და პუტინს მოეხდინათ

ევროპული საქართველოს პოლიტიკური მდივანი გიგა ბოკერია კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შესაძლოა, რუსთავი ორის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენა ივანიშვილის ფულმა და პუტინის ინტერესებმა მოახდინა. ამის შესახებ ბოკერიამ TV პირველის ეთერში, ენმ-ის წევრის გიორგი ბარამიძის განცხადების შეფასებისას თქვა. ბარამიძის აზრით, "ძალიან დიდი მიამიტობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული ამ გადაწყვეტილებაში".

"გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ, გამოვრიცხავ და მთლიანად უარვყოფ ასეთი შეთქმულების თეორიის როგორც სარგებლიანობას, ისე რეალურობას. ამიტომ, ბატონ ბარამიძეს კატეგორიულად არ ვეთანხმები. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, მესმის, რომ სამართლიანი კრიტიკა იყო სტრასბურგის სასამართლოსი იმ ქვეყნების მოსამართლეების მიმართ, სადაც დემოკრატია არ არის, იქ გავლენის საშუალებები ხელისუფლებას აქვს, მაგრამ ჯამში სტრასბურგის სასამართლოს წინააღმდეგ ამ ტიპის შეტევას კატეგორიულად ვემიჯნები, ეს არის შეცდომა და არ ასახავს რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ვთქვი - ცუდი გადაწყვეტილებაა და ასე შევა ისტორიაში" - ამბობს ბოკერია და აღნიშნავს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხარო სიურპრიზი იყო.

"ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგმა და ამით ევროსასამართლოს, როგორც ინსტიტუტს, ნამდვილად არ ვესხმი თავს, ისტორიას ვინც იცნობს, ყოფილა ისტორიული, კარგი გადაწყვეტილებები და იყო გადაწყვეტილებები, რომელიც გახდა კრიტიკის საგანი და შემდეგ გადაიხედა. ეს ჩემი აზრით, შევა ისტორიაში, როგორც გადაწყვეტილება, რომელმაც სამოქალაქო თავისუფლებას დახმარების ხელი არ გაუწია" - თქვა ევროპული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

კომენტარები