ახლო აღმოსავლეთი

ამერიკელმა სამხედროებმა ორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს

almasdarnews.com

ორმუზის სრუტეში, ამერიკელმა სამხედროებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა CBS-სთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის ინფორმაციით, ირანული აპარატი სრუტეში დისლოცირებულ ამერიკულ სადესანტო ხომალდს კრიტიკულ მანძილზე მიუახლოვდა, სწორედ, ამის შემდეგ გადაწყდა საფრენი აპარატის ლიკვიდაცია. ტრამპის თქმით, ირანული საფრენი აპარატი 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა ამერიკულ ხომალდს USS Boxer-ს და საფრთხეს უქმნიდა ხომალდზე მყოფ სამხედროებს. ტრამპმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა დაგმოს ირანის ქმედებები.

თავის მხრივ, თეირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საფრენი აპარატი არ დაუკარგავთ. მოვლენები დაძაბული პოლიტიკური და სახმედრო ვითარების ფონზე ვითარდება. გუშინვე, ირანში კონტრაბანდული ნავთობით დატვირთული უცხოური ტანკერის დაკავების შესახებ განაცხადეს.

დაახლოებით, ერთი თვის წინ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ირანელი სამხედროების მიერ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ. ამის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე ავია დარტყმები იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.

კომენტარები