სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე

სტრონსკი R2-ზე: მნიშვნელოვანია, არსებობდეს კარგი ოპოზიციური მედია, განსაკუთრებით ახლა

0 კომენტარი
ფოტო: ამერიკის ხმა

კარნეგის მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს.

სტრონსკის თქმით, მისთვის ევროსასამართლოს დასკვნა გასაგებია, თუმცა ეს გადაწყვეტილება აშფოთებს, რადგან წინასაარჩევნო პროცესში მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის გამოთიშვას გულისხმობს. ამის შესახებ სტრონსკი ამერიკის ხმას ესაუბრა

"ეს გვაჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწიათ. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს სამომავლოდ კარგ გავლენას არ მოახდენს ქართულ დემოკრატიასა და დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში მის ინტეგრაციაზე,"- ამბობს სტრონსკი. 

მკვლევარის თქმით, ივნისის თვემ საქართველოში არსებული ბევრი პრობლემა გამოკვეთა. მისი თქმით, ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. 

"მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხის, როგორც ადრე. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მონახოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მედიაში ორ ყველაზე დიდი მოთამაშეზე ვსაუბრობთ და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო,"- თქვა სტრონსკიმ. 

პოლ სტრონსკისვე თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი გზავნილები საზოგადოებამდე და ასევე იმედოვნებს, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შეძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომლებიც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში დარჩება. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები