სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე

ვოლკერი R2-ზე: როლები იცვლება, "ოცნებაც" იქნება ოპოზიციაში, მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ვოლკერის თქმით, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია, მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოსთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი ამერიკის ხმას ესაუბრა

"საკუთრების საკითხის განხილვისას, კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა მიჰყვე. ამას, რა თქმა უნდა, შედეგები ექნება, მაგრამ კანონის უზენაესობის პრინციპს უნდა მიჰყვე. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. წარმატებული დემოკრატია ვერ გექნება, თუ მთელ ინფორმაციას ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსთვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რამე სხვა უნდა შეიქმნას,"- ამბობს ვოლკერი. 

კურტ ვოლკერის თქმით, არხს თავს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ. მისი თქმით, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ პოლიტიკურ მოტივაციას აქვს ადგილი, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს. 

"დაიცავით კანონის უზენაესობა ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციისა და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს ქართული ოცნებისა, თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება. ერთ დღესაც ქართული ოცნება ოპოციზიაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს,"- ამობს კურტ ვოლკერი. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

იუსტიციის სამინისტრომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და დანიშნა პაატა სალია.

კომენტარები