აქცია სახელწოდებით - სირცხვილია

აქციის 30-ე დღე - საკლუბო სცენის ნაცვლად, დღეს სპიკერები შრომის უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ

პარლამენტთან აქცია "სირცხვილია" გრძელდება. დაგეგმილი საკლუბო სცენის საღამო მშენებლობაზე 16 წლის ბავშვის დაღუპვის გამო გადაიდო და ამის ნაცვლად, დღეს სპიკერები შრომის უსაფრთხოებაზე ისაუბრებენ.

"30 დღეა, ვითხოვთ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას.

30 დღეა, ვისმენთ გიორგი გახარიას ქებას მთავრობის წარმოადგენლების მხრიდან.

30 დღეა, ხელისუფლება ითვლის აქციაზე მოსული ადამიანების თავებს, თუმცა, კარგად იცის, რომ იმის მიუხედავად, რამდენი ადამიანი დგას რუსთაველზე პროტესტის 30-ე დღეს, გიორგი გახარიას გადადგომა არის სამართლიანი და ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელსაც უამრავი ადამიანი უჭერს მხარს.

დღეს, პროტესტის 30-ე დღეს, უნდა ჩატარებულიყო საკლუბო სცენის საღამო, თუმცა, გამომდიანარე იქიდან, რომ 3 დღის წინ, მშენებლობაზე მომუშავე 16 წლის ბავშვი გარდაიცვალა, საკლუბო სცენის დღე გადაიდო და ამის ნაცვლად, პანელზე ვისაუბრებთ შრომით კანონმდებლობასა და პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე.

მოვისმენთ სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანების აზრებს - რა არის გამოსავალი, რატომ ვერ სრულდება კანონი და რა უნდა შეიცვალოს.

19:00-დან, პარლამენტთან, ქვეყნის სამსახურში გელოდებით!", - წერია აქციის აღწერაში.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე ანტირუსული და მშვიდობიანი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ძალადობრივად, ჯერ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, შემდეგ კი წყლის ჭავლებით დაარბია.

ჯამში დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 160 მშვიდობიანი დემონსტრანტი იყო. ზოგიერთ მათგანს ხშირად ერთის ნაცვლად, რამდენიმე რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. რეზინის ტყვიის დამიზნებით სროლის შედეგად რამდენიმე ახალგაზრდამ თვალი დაკარგა, ხოლო მართვით სუნთქვაზე 2 ადამიანი იყო. 

პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უკვე 30 დღეა ითხოვენ, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა აიღოს და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. გახარია ჯერჯერობით თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

კომენტარები