საქართველო - რუსეთი

გავრილოვი: ვისურვებდი, პატრიოტთა ალიანსთან ერთად, ოფიციალური თბილისიც დადგეს გაგების გზაზე

სერგეი გავრილოვი
Duma

Россия 24-თან ინტერვიუში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი მოსკოვში პატრიოტთა ალიანსის ვიზიტს გამოეხმაურა და სურვილი გამოთქვა, რომ ოფიციალური თბილისიც "პასუხისმგებლობის გზას" დაადგეს:

"მე ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არამედ ოფიციალური თბილისიც გამოსულიყო გაგებისა და პასუხისმგებლობის გზაზე. რადგან რთულია, ერთი ხელით გააფუჭო ურთიერთობა, სხვა მხარე კი რუსეთთან ურთიერთობაში გამოსავალს ეძებდეს. დემოკრატია პასუხისმგებლობას მოითხოვს. შემდეგზე ამ მოლაპარაკებებში საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების უფრო ფართო მონაწილეობა უნდა მოვითხოვოთ,"- თქვა კომუნისტმა დეპუტატმა.

გავრილოვი არამხოლოდ პატრიოტთა ალიანსს, არამედ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებსაც უხმობს რუსეთში, რადგან მისივე თქმით, ასეთ დიალოგზე დამოკიდებული იქნება მომავალი ურთიერთობები. კომუნისტი დეპუტატი ასევე საჭიროდ თვლის განიხილოს თბილისში მიმდინარე ბოლო რამდენიმე კვირის პრობლემები, რამაც "ჩვენ ერებს შორის ურთიერთობას ჩრდილი მიაყენა."

გავრილოვი იმედოვნებს, რომ ოფიციალური თბილისი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსის ნაბიჯს.

გავრილოვი სწორედ ის რუსი დეპუტატია, რომლის საქართველოს პარლამენტში ვიზიტს თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. მომდევნო დღეების პროტესტს 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მოჰყვა. აქციები ამ დრომდე ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება - მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.

პატრიოტთა ალიანსის წევრები რუსეთში ამ ფონზე იმყოფებოდნენ. მანამდე, მათმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა "ღირსეული" უწოდა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას - პუტინმა თქვა, რომ "ქართველი ერის მიმართ პატივისცემის გამო" სანქციების დაწესებას არ ემხრობოდა.

კომენტარები