იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ანა დოლიძე სერგო მეთოფიშვილზე: მე მას დავარქვი იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში დასანიშნ მოსამართლეებთან გასაუბრება გრძელდება.

სხდომები საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებებით მიმდინარეობს. ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიმართ უკმაყოფილებას ხშირად სერგო მეთოფიშვილი გამოთქვამს. მას არ მოსწონს, რომ დოლიძე და ჯანეზაშვილი კანდიდატებს ბევრ შეკითხვას უსვამენ. 

მოსამართლე წევრმა დოლიძე იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან სხდომა დროებით დატოვა, რათა ერთ-ერთი არხის ეთერში რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გაეკეთებინა. 

მეთოფიშვილმა დოლიძეზე თქვა, რომ ის "პოლიტიკოსი უფროა, ვიდრე სასამართლოს ნაწილი". 

"საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ირჩევს საბჭო. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ამ დროს საბჭოს წევრი ტოვებს დარბაზს. როდესაც საბჭოს წევრი დგება, ტოვებს, იპარება საბჭოს სხდომიდან და მიდის ერთ-ერთ მედიაში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ამით ნათქვამია. რისთვისაც ხელფასს უხდიან და თუ ის ნამდვილად საბჭოს წევრია, ის მართლმსაჯულების ნაწილი უნდა იყოს და აქ ის არ იყო გუშინ. მინდა ეს ცალსახად დავაფიქსირო, გავამახვილო ამაზე ყურადღება და ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ეს არის პოლიტიზირებული პიროვნება, ანუ პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი", - თქვა მეთოფიშვილმა.

დოლიძემ მის საპასუხოდ თქვა: 

"მე მას დავარქვი იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი. მე ვფიქრობ, იუსტიციის საბჭოს უმრავლესობას, რა თქმა უდნა, აქვს შიში აქტიური საბჭოს წევრებისა, მათ დისკომფორტს აყენებს და ეს კარგად გამოჩნდა დღეს. ჩვენი მოღვაწეობა, როდესაც დღეს მაგალითად, ქალბატონ ნაზის უბრალოდ ჩამოართვეს სიტყვა, როდესაც ის სვამდა კითხვებს. გარდა ამისა, ჩვენ გასაუბრებების დროს გვიხდება მუშაობა სრულიად არასამუშაო პირობებში. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები კარნახობენ პასუხებს მოსამართლე კონკურსანტებს, ხმაურობენ, ჩურჩულებენ, გვაწყვეტინებენ ჩვენს გამოსვლებს და ხანდახან გვართმევენ სიტყვასაც. ეს ყველაფერი ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქალბატონმა ნაზიმ და მე არ შევასრულოთ ჩვენი მოღვაწეობა, დავსვათ კითხვები, რომლებზეც ძალიან ბევრი კონკურსანტი  უბრალოდ ვერ პასუხობს", - თქვა ანა დოლიძემ.

კომენტარები