საგარეო ვაჭრობა

იანვარ-ივნისში ყველაზე დიდი ექსპორტი რუსეთში გავიდა

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მთლიანი ექსპორტიდან ქვეყნებს შორის ქველაზე დიდი წილი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. ჯამში, რუსეთში ექსპორტის 14.7% გავიდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 27.8%-ით მეტია.

რუსეთს აზერბაიჯანი მოსდევს, სადაც მთლიანი ექსპორტის 11.9% გავიდა, გასულ წელთან შედარებით ზრდამ 3.7% შეადგინა.

მესამე და მეოთხე ადგილზე ბულგარეთი და სომხეთია მთლიანი ექსპორტის 8.4%-ით და 8.3%-ით. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი რუმინეთში. მართალია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში ექსპორტის 6.2% გადის, რითაც ის მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა ზრდა წინა წელთან შედარებით 297.1%-ია.

რაც შეეხება იმპორტს, ყველაზე მეტი საქონელი ამჯერადაც თურქეთიდანაა შემოსული. სამხრეთ-დასავლელ მეზობელზე მთლიანი იმპორტის 17.2% მოდის, მას მოსდევს ჩინეთი 10.3%-ით და რუსეთის ფედერაცია 9.9%-ით. შარშანდელი მონაცემებით, ჩინეთს რუსეთი უსწრებდა.

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორად კვლავაც თურქეთი რჩება, რომელზეც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14.11% მოდის. თურქეთს მოსდევს რუსეთი 11.4%-ით და აზერბაიჯანი 8.5%-ით.

კომენტარები