იულია სუსლიაკის საქმე

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი სასამართლომ გაათავისუფლა

ექსპრესნიუსი

უკრაინელი ქალი, რომელსაც ქართველი სამართალდამცველები ბავშვების ტრეფიკინგში ადანაშაულებდნენ, სასამართლო დარბაზიდან აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლდა. 

პროკურორის თქმით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

თავად იულია სუსლიაკის თქმით, მისი საქმე სრული ფაბრიკაციაა და "თუ დროზე არ მოეგება გონს ის, ვინც საქმე გააყალბა, ყველაფერს ხმამაღლა იტყვის". 

"ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა", - თქვა იულია სუსლიაკმა.

მისი ადვოკატი კი სუსლიაკის კიდევ ერთხელ დაკავებას არ გამორიცხავს.

"იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ ამათი მეცადინეობის შედეგად. ამ მიზეზით მათ მოიფიქრეს ახალი ფორმულა, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე. ამ მიზნით შეცვალეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და გუშინ მთელი დღე იყო კომუნიკაცია ჩემთან, გვავალდებულებდნენ, რომ შეგვეძინა ბილეთი კიევის რეისზე. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ ჩვენ. ახლა ეს ქალბატონი არის სრულიად თავისუფალი, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ ამ წუთას, ჩემს ზურგს უკან 7-8 მამაკაცს, შსს-ს თანამშრომლებს, დავალება აქვთ სპეციალური მიღებული, რომ დააკავონ ეს ქალბატონი ხელახლა, ჩასვან თვითმფრინავში და გააგზავნონ უკრაინაში, ყველა ნორმის დარღვევით", -თქვა ადვოკატმა.

იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 - დაბადებულია 2017 წელს. ამან სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. 

იულია სუსლიაკის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან, ბიზნესმენ იური სუსლიაკთან მიდიოდა. მისივე თქმით, ცნობილია ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგები, "რაც არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ სუსლიაკს ბავშვები ნაყიდი არ ჰყავს". ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო ათივე ბავშვს ჰყავს ერთი ბიოლოგიური მამა - იური სუსლიაკი. ადვოკატი ამბობს, რომ საქართველოში იმყოფებიან იულია და იური სუსლიაკის მშობლები - სწორედ მათ მოითხოვეს ბავშვების უკრაინაში წაყვანა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად.

თავად იური სუსლიაკის თქმით, "ბავშვები უკრაინაში გაჩნდნენ აბსოლუტურად კანონის დაცვით, სუროგაციის გზით. ამის ყველა დოკუმენტი არსებობს. ვფიქრობ, როდესაც ამაზე დასტური მიუვათ, საქმეც დაიხურება. ჩვენ დავიწყეთ სუროგაციის პროგრამა და წარმატებით დასრულდა. გვინდოდა და გვინდა დიდი ოჯახი, ბევრი შვილით".

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

კომენტარები