გავრილოვის ღამე

ლომჯარია: ძალადობაზე რეაგირება უნდა ყოფილიყო, სადავოა - რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა

ხატია ღოღობერიძე
0 კომენტარი

20 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევა, დაშავებული და დაკავებული მოქალაქეები, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება და ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე - საქართველოს სახალხო დამცველს ტაბულამ ბოლო ერთ თვეში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰკითხა. ნინო ლომჯარიასთან ინტერვიუში საუბარია 8 ივლისს გამართული თბილისი პრაიდის შესახებაც, სადაც სახელმწიფომ ლგბტქ+ აქტივისტებს უთხრა, რომ ვერ დაიცავს. ომბუდსმენს ძალადობრივი ჯგუფების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიების დაკავებაზეც ვკითხეთ.

როგორ აფასებთ 20 ივნისის აქციას - შეძლეს თუ არა მოქალაქეებმა პროტესტის გამოხატვა და ხელისუფლებამ რეაგირება მათ მოთხოვნებზე?

შეძლო თუ არა ხელისუფლებამ ეფექტური რეაგირება მოთხოვნებზე, ეს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს უნდა ჰკითხოთ.

რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, ის დაიწყო მშვიდობიანი ფორმით, სამართლიანი პროტესტის გამოსახატად სპონტანურად შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთმა ჯგუფმა დაიწყო აგრესიული, ძალადობრივი მოქმედებები სპეციალური დანიშნულების რაზმის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში პოლიციას ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები ან რეაგირება მოეხდინა ამ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებზე, თუმცა დავის საგანი არის ის, რამდენად პროპორციული იყო ეს ძალა, შეეძლო თუ არა პოლიციას ალტერნატიული, უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენება და ეს იყო ინდივიდუალური გადაცდომა თუ სისტემური პრობლემა, რაც გულისხმობს არასწორ ბრძანებას ან არასათანადო ზედამხედველობას პროცესზე. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი დაზარალებული გვყავს, გამოკითხვის ოქმებში მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც მიიღო ფიზიკური დაზიანება, აცხადებს, რომ არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებაში, იყო მშვიდობიანი ფორმით აქციაზე. მიგვაჩნია, რომ ძალის გამოყენება უნდა მომხდარიყო იმ პირების მიმართ, ვინც უშუალოდ ძალადობდა ან ვისგანაც საფრთხე მოდიოდა. ამ ოდენობით დაზიანებული ჟურნალისტებიც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძალა იყო ქაოტურად გამოყენებული და არ მიემართებოდა მოძალადეებს, არამედ, იქ მყოფი ყველა ადამიანი იყო საფრთხის წინაშე.

აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვათ, იყო თუ არა ძალის გადამეტება აქციის დარბევის დროს?

ვფიქრობთ, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს არამარტო ინდივიდუალურ საქმეებზე, სადაც აშკარად ჩანს კონკრეტული პირების მხრიდან კონკრეტული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენება, არამედ უნდა შეფასდეს იმ საღამოს მიმდინარეობა, ვინ გასცა ბრძანებები, რა დავალებები იყო და ვინ იყო ამ დავალებებზე პასუხისმგებელი, რამდენად კანონიერი იყო ეს ბრძანებები და რატომ ვერ მოხდა ძალის გადამეტების თავიდან არიდება.

რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ, თუმცა ვიდეო კადრებზე არის რამდენიმე აშკარა ფაქტი დაფიქსირებული, სადაც ნამდვილად ჩანს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ დამიზნებით იყო ძალა გამოყენებული - იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იმ მომენტში, როცა დაზიანდნენ ან მოხვდათ ტყვია, არ ძალადობდნენ ან არ წარმოადგენდნენ რეალურ საფრთხეს. დაზარალებული ჟურნალისტების რიცხოვნობაც მიანიშნებს იმას, რომ ფიზიკურად ზიანდებოდნენ ადამიანები, ვისაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ძალადობასთან. ამასთან, დაზარალებულთა უმეტესობას დაზიანებები წელს ზემოთ აქვს მიყენებული, ეს არის გარკვეულწილად სიმპტომური და საჭიროებს დამატებით შესწავლას - რატომ იღებდნენ აქციის მონაწილეები დაზიანებებს ძირითადად წელს ზემოთ, ზედა კიდურებში და თავის არეში, იყო თუ არა ამაზე სპეციალურად გაცემული ბრძანება ან მსგავსი მითითება თუ რასთან გვაქვს საქმე.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილების გადამეტებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი დააკავეს. სახალხო დამცველის აზრით, რამდენად საკმარისია ცალკეული სამართალდამცავის დასჯა, ხედავთ თუ არა მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას?

გამოძიება და პასუხისმგებლობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევებით. უფრო მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაგვანახოს ვინ იყო ამ სპეცოპერაციის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი, რა ტიპის ბრძანებების გასცა მან და რა მითითებები მისცა იმ ადამიანებს, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში დადასტურებულად არღვევდნენ კანონს. ამიტომ გამოძიებამ ძირითადად უნდა გასცეს პასუხი კითხვებს სისტემურ პრობლემებზე, იმ პირთა პასუხისმგებლობაზე, რომლებსაც ზედამხედველობა ევალებოდათ, რომლებსაც გააჩნიათ პასუხისმგებლობა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების ქმედებებზე და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შემოიფარგლოს რიგითი პოლიციელებით.

სახალხო დამცველი ჩართულია გამოძიების პროცესში. თქვენი დაკვირვებით, რამდენად სწორად მიმდინარეობს გამოძიება და აქციაზე ჩადენილი ცალკეული სამართალდარღვევა იძლევა თუ არა გამოძიების სახელმწიფო გადატრიალების მუხლით წარმოების საფუძველს?

გამოძიება, რაშიც ჩვენ ჩართულები ვართ, იძიებს სამართალდამცავთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს. ჩვენ არ ვართ ჩართულები იმ გამოძიებაში, რომელიც მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. ვაკვირდებით, თუმცა საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს და შესაბამისად, არ მაქვს შესაძლებლობა ვთქვა, არის თუ არა სახელმწიფო გადატრიალებისთვის საკმარისი მტკიცებულებები. იმ საქმეში, რომელსაც ჩვენ ვსწავლობთ და ამ ეტაპზე რასაც ვიცნობთ, ეს კომპონენტი ნამდვილად არ გამოკვეთილა და არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ შეთქმულებაში ან სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობდა.

აქციის მე-19 დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ძალადობრივმა და ჯგუფებმა დაიკავეს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს იქ მისვლის საშუალება არ მისცეს. იყო თუ არა სახელმწიფოს მხრიდან საკმარისი რეაგირება მშვიდობიანი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის?

8 ივლისს პარლამენტთან ძალიან აგრესიულად განწყობილი ადამიანები შეიკრიბნენ, ადგილი ჰქონდა ძალადობასაც კონტრაქციის მონაწილის მიმართ. ველოდები, რომ ამ საქმეზე დროულად იქნება რეაგირება და პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება მოხდება, თუმცა ფაქტია, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ამ ადამიანების მშვიდობიანი გამოხატვის უფლება, იმის გამო, რომ აგრესიული ჯგუფები არსებობენ ქვეყანაში და სახელმწიფომ თქვა, რომ არ აქვს ძალა მათგან მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისთვის.

8 ივლისს ჩატარდა თბილისი პრაიდიც, თუმცა იმ ფონზე, რომ სახელმწიფომ ლგბტქ+ აქტივისტებს დაცვაზე უარი უთხრა. ორგანიზატორებს ღირსების მარშის რამდენჯერმე გადადება ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან არსებული საფრთხის გამო მოუწიათ. სახალხო დამცველის აზრით, სახელმწიფომ ამ შემთხვევაში შეძლო გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა?

სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი და არაეფექტური ზომების გატარება ამ დღეს არ დაწყებულა. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, მუდმივად ექმნებოდათ საფრთხე და მუდმივად ეშლებოდათ ხელი, რომ მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ პროტესტი. წელს სახელმწიფო ვერ აღმოჩნდა ეფექტური და ვერ გაატარა ზომები იმისთვის, რომ შვიდობიან მოქალაქეებს შესძლებოდათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა.

თქვენ მონაწილეობდით პრაიდის ორგანიზატორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებებშიც. ლგბტქ+ აქტივისტები ამბობენ, რომ უწყებამ მათ თქვენი მეშვეობით შეუთვალა "რაც გინდათ, ის ქენით".

ეს იყო ჩემი ინიციატივით, საკუთარ თავზე ავიღე მედიაცია, იქედან გამომდინარე, რომ შსს-სა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის არ იყო კომუნიკაცია და ნდობა. დავინახე რეალური რისკი, რომ პრაიდი შეიძლება დაქვემდებარებოდა ძალადობას და სახელმწიფოს ვერ დაეცვა ისინი; ან მომხდარიყო სპონტანური აქცია, სახელმწიფო არ ყოფილიყო ინფორმირებული და ამის გამო ვინმე დაშავებულიყო. ამიტომ, სრულიად არაპროგნოზირებად გარემოში და სრულიად მოულოდნელად, როცა პრაიდმა განაცხადა, რომ მეორე დღეს გავიდოდნენ საჯაროდ, როგორც სახალხო დამცველმა, ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა და საკუთარი ინიციატივით ვცადე, რომ მედიაცია მეწარმოებინა. ვცდილობდი ორივე მხარისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია და ერთ-ერთი ბოლო მოლაპარაკების შედეგად, როცა მათ შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება აქციის დროსა და ადგილზე, შსს-მ ჩემთან კომუნიკაციის გზით განაცხადა, რომ პრაიდის მონაწილეებს შეუძლიათ გამართონ პრაიდი სადაც, როგორც და რა ფორმითაც სურთ. ჩემი შეკითხვა იყო, როგორ დაიცავდა სახელმწიფო მათ უსაფრთხოებას და მათ განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ადგილზე შექმნილი საფრთხეების გათვალისწინებით.

8 ივლისს ერთდროულად რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა, იყო დაძაბული სიტუაცია, ძალადობით ემუქრებოდნენ ლგბტქ+ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველს ამ დღეს განცხადება არ გაუკეთებია. რატომ?

[ამ საკითხებზე] ჩემი განცხადება იყო არაერთი და მრავალი, შეგიძლიათ ნახოთ. კონკრეტულად იმ დღეს იყო ძალიან მძიმე ვითარება. ერთის მხრივ აქცია მიმდინარეობდა რუსთავი 2-ში, ხალხი იმუქრებოდა შეჭრით, მეორეს მხრივ ძალადობრივი, აგრესიული ჯგუფები მობილიზდნენ პარლამენტთან, ამავდროულად, კონტრაქცია ემზადებოდა იმისთვის, რომ დაეკავებინა პარლამენტის ტერიტორია და ასევე, პრაიდი აცხადებდა, რომ პარალელურად აპირებდა გამოსვლას. იყო ძალიან კრიზისული ვითარება და ამ შემთხვევაში მთავარი იყო ის დღე დასრულებული მშვიდობიანად, არც ერთ აქციაზე ადამიანები არ დაზარალებულიყვნენ. განცხადება იმისა, რომ სახელმწიფოს დაეცვა 200-300 ადამიანი იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც იმ დღეს ვიყავით, ჩემი მხრიდან იქნებოდა კონტექსტს და არსებული რეალობის აღქმას მოკლებული. თუმცა, როგორც ვთქვი, ის დღე არ იყო გადამწყვეტი, მანამდე იყო კვირები, რომელთა განმავლობაშიც ეს ადამიანები [პრაიდის მონაწილეები] ცდილობდნენ გამოსულიყვნენ მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ვერც ერთ დღეზე და თარიღზე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რაც არის შსს-ს სისუსტე პირველ რიგში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები