რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: R2-დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა R2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი

მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში - ამის შესახებ რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია facebook-ზე წერს. 

მისი თქმით, მან მისია შეასრულა და "სრულიად არავის დახმარებით, მტრულ გარემოში, ფინანსრური თავდასხმების და არხის ამჟამინდელი მფლობელის დამანგრეველი ყადაღის მიუხედავად" ხელფასები გასცა და ვისაც უჭირდა დაეხმარა. 

"მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული. რ2 გახდა სახელმწიფო სახელმწიფოში - სავსე თავისუფალი, ნიჭიერი, ფერადი ხალხით, ვინც არ გაეკარა ბნელ ქართულ ოცნებას, ვისაც უნდოდა დასავლეთი და თავისუფლება, და ვისი ერთადერთი ნავსაყუდელი რ2 გახდა. იმიტომ მიხაროდა მანდ მოსვლა - ქვეყანაში უანალოგო თავისუფლების კუნძული იყო, ჰაერში ეკიდა თავისუფლების სუნი. და ამ არხმა 7 წელიწადში დაანგრია ამ ქვეყნის მთავარი მტერი - რუსული გავლენა. დიახ, დაანგირა და გააშიშვლა ხელისუფლება, რომელიც რუსული აღმოჩნდა თავიდან ბოლომდე. ბოლო კვლევით, რაც ვნახეთ, გავრილოვის ღამემდეც კი, რუსეთი არაა ამ ქვეყნის არჩევანი და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება რ2ისაა, ღრმად მწამს, და ისიც მწამს, რომ რუსებმაც კარგად იციან ეს. იმიტომაც ყეფენ ხან დუმის ტრიბუნიდან, ხან პუტინის პირით და ხან ლავროვის განცხადებებით. დიახ, რუსეთმა კარგად იცის, ვინ იყო მისი მთავარი მტერი საქართველოში. კარგად იცის და არც მალავს,"- წერს გვარამია. 

მისივე თქმით, ყველა ბრძოლა მოუგო "მტრულად განწყობილ სახელმწიფოს და მის დამნაშავე ბოსს, უზურპატორ ბიძინა ივანიშვილს"

"მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ეროსის შექმნილი, ბევრის ღვაწლით განვითარებული, და ბოლოს ჩემი გზარდილი, ათასუბედურება გატარებული, ჩემი და ჩემი გუნდის მიერ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მთავარ და საუკეთესო ტელევიზიად ქცეული რუსთავი 2. მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცცხდა თავად რუსთავი 2. დამარცხდა პირველად 25 წლის მანძილზე. პირველად 25 წლის მანძილზე ქვეყნის მთავარი მცველი რუსეთის გავლენისგან, გახდა რუსული. ჯერ ამას ვერ აცნობიერებენ კარგად, სანამ ჩვენი გუნდი კიდევ იქაა და ფაქტიურად წინააღმდეგობის მოძრაობა აქვს გაჩაღებლი და გმირულად იბრძვის მტრულ გარემოში. მაგრამ ძალიან მალე მოვა გაცნობიერების დრო და მაშინ მიხვდებიან ზუსტად ჩვენი მაყურებლები და არამაყურებლებიც, რა კატასტროფას მოაწერა ხელი შვიდამა ევროპელმა მოსამართლემ",- წერს გვარამია. 

გვარამია წერს, რომ ქვეყანამ რუსთავი 2 დაკარგა, როგორც მისი დამოუკიდებლობის განმავლობაში შექმნილი და გაძლიერებული ერთერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, დასავლეთის, ხარისხის და თავისუფლების სიმბოლო.

"მე რუსთავი2დან გავედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა რუსთავი 2, ხელახლა მოკლეს ეროსი კიწმარიშვილი და დაიხურა ბოლო ფანჯარა დასავლეთში.

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ დამარცხდა ჩემი სამშობლო.

რუსთავი 2დან მე გამოვედი გამარჯვებული, მაგრამ ამ გამარჯვებას ფასი არა აქვს",- წერს ნიკა გვარამია. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

კომენტარები