რუსთავი 2-ის საქმე

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა

რუსთავი2

ქიბარ ხალვაშმა უარი თქვა საბჭოზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი საბჭო, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვისაა საჭირო. 

კურიერისა და პოსტ სკრიპტუმის გუნდი არხის ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას შეხვდა. სალია ამბობს, რომ კონსულტაციები გაიარა ქიბარ ხალვაშთან, რომელიც უარს ამბობს, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო. ასევე, ხალვაში უარს ამბობს გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც ის არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე ვალდებულებას აიღებს. 

"წერილობითი გარანტია არ არსებობს და არ არსებობს განსაკუთრებითი იმ ფორმით რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე სიტყვები რაც იმ პუნქტში წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება შეიძლება ბევრ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული და მერე ამას შეიძლება 1000 ინტერპრეტაცია მიეცეს. არ არის ეს ის ფორმა, რომელიც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება, გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, რომ თუ რაიმე სიმპტომი იქნება, რომ ვიღაც ცდილობს ჩარევას და ა.შ.  ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ,"- ამბობს პაატა სალია. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა. საჯარო რეესტრმა ხალვაშს ტელეკომპანიის წილები დაურეგისტრირა, ასევე, იმავე დღეს ხალვაშმა ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად თავისი ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა.

კომენტარები