რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

ბოკერია ხალვაშზე: ოდნავ უფრო გონიერები რომ იყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის, მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დღეს თქვა, რომ "სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას". 

ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, როგორც ყოველთვის, ახლაც დაუფიქრებლად და ხისტად იქცევა, რაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის დემოკრატიას აზიანებს, შემდეგ კი თავად ივანიშვილს. 

"სამწუხაროდ, არ იყო მოულოდნელი ეს უტიფარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, ივანიშვილის მარიონეტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ გონიერება არ ეყოთ და აქაც მოქმედებნ ხისტად. ეს დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიას, დააზიანებს ატმოსფეროს, მაგრამ ვერ გადაარჩენს ივანიშვილის რეჟიმს ეს დიდი მავნებლური გულუბრყვილობა. ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა და ამიტომ არ არის მოულოდნელი ეს ნაბიჯი, თუმცა ოდნავ უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ. მაგრამ ეს არის ივანიშვილის ფასი, რაც გვაქვს, ეს არის ქიბარ ხალვაში და ამ ყველაფრის ფასი უნდა გადავახდევინოთ მომდევნო, მშვიდობიან არჩევნებზე ამ გუნდის მთლიანად ჩამოშორებით ხელისუფლებიდან და იქამდე გახარიას გადადგომით,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვით, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული. მან გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა კომპანიაში მუშაობას ვერ გააგრძელებს ნიკა გვარამია. ხალვაშის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება. ამასთან, ხალვაშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბრუნა ტელეკომპანია. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი.

კომენტარები