რუსთავი 2-ის საქმე

აქიმიძე და დვალი: ჩვენს და სამართლიანობის აღდგენას შორის 1 ადამიანი დგას, ის არ არის ხალვაში

"დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში" - რუსთავი 2-ის დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი განცხადებას ავრცელებენ. აქიმიძის და დვალის შეფასებით, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც რუსთავი 2 მათ დაუბრუნდებათ.

"2004 წელს ჩვენ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული. მან ძალადობითა და ყაჩაღობით მიითვისა ჩვენს საკუთრებაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რითაც ფეხქვეშ გათელა ფუნდამენტური დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც არის სიტყვის თავისუფლება, საკუთრების ხელშეუხებლობა და რაც მთავარია, მოქალაქის თავისუფლება და ღირსება.

დღეს „რუსთავი 2“-ის ირგვლივ დატრიალებულმა მოვლენებმა, არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დაგვაყენა იმ ფაქტის წინაშე, რომ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მედიალანდშაფტი საქართველოში.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს ხელისუფლების შტოების დაყოფის მექანიზმი, სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესები და ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროში ხდება რუსული მტრული ძალების ინფილტრაცია, ქვეყნის დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2-მა მოახერხოს პარტიული ზეგავლენისგან გათავისუფლება, რათა აღიდგინოს გამოკვეთილად კრიტიკული და ჩასაფრებული მიუკერძოებელი მეთვალყურის (ე.წ. ვოჩდოგის), მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანის ფუნქცია.

როგორც არ უნდა დამთავრდეს „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პერიპეტიები, ჩვენ, ტელევიზიის დამფუძნებლები და ამ საქმის მთავარი დაზარალებულები, კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს უმოქმედობასა და გვერდზე გადგომის მცდელობას და ჩვენი ერთი კერძო პირის კეთილი ნების ანაბარა დატოვებას. ჩვენ განვაგრძობთ უკომპრომისო ბრძოლას სამართლიანობისთვის - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების უხეშად დარღვეული უფლებები.

დღეს ჩვენსა და სამართლიანობის აღდგენას შორის, ჩვენსა და ჩვენ მიერვე დაფუძნებულ ტელევიზიას შორის ერთი ადამიანი დგას და ის არ არის ქიბარ ხალვაში. ვიმეორებთ, სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებით, რუსთავი ორის საქმეზე არც ერთი დარღვევა არ დადგინდა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადააყენა და მის ნაცვლად, ახალი მფლობელის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. მაშინ ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა და მათ ინტერესებს მაქიმალურად გაითვალისწინებს, თუმცა, რუსთავი ორის დამფუძნებლებს ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია.

კომენტარები