აშშ-თურქეთი

თურქეთი აშშ-ის სანქციებზე საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება

Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ აშშ-ის მიერ თურქეთისათვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენის გამო დაწესებული სანქციები მიუღებელია და საპასუხო ნაბიჯებს გადადგამენ.

ჩავუშოღლუს თქმით მას მიაჩნია, რომ დონალდ ტრამპს მსგავსი ზომების თავიდან არიდება უნდა სურდეს.

"თუ აშშ ჩვენს მიმართ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას გამოავლენს, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ, როგორც გავაფრთხილეთ. ეს მუქარა ან ბლეფი არ არის. ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც ქედს მოუხრის მათ, ვინც ჩვენს წინააღმდეგაა.

ტრამპს თურქეთისათვის მსგავსი სანქციების დაწესება არ სურს და ხშირად ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია და წინა ადმინისტრაცია დამნაშავეა იმაში, რომ თურქეთმა ამერიკული "პატრიორის" სარაკეტო სისტემა ვერ შეიძინა. ეს სიმართლეა." თქვა მან.

გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში თქვეს, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო თურქეთს ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნიან.

S-400 სისტემის პირველი ნაწილი თურქეთმა გასულ კვირას მიიღო. მას სირიის საზღვართან განათავსებენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გამო თურქეთის F-35 საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამაში მონაწილეობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

თურქეთი F-35 ტიპის თვითმფრინავების 900-ზე მეტ ნაწილს აწარმოებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით ამის ჩანაცვლება აშშ-ს 500-დან 600 მილიონ დოლარამდე დაუჯდება. გარდა ამისა შეჩერდება თურქი პილოტების გადამზადების პროგრამაც. თურქეთი ვეღარ შეიძენს F-35 ტიპის 100 თვითმფრინავს, რის თაობაზეც შეთანხმება უკვე არსებობდა.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია. მას ნატო და აშშ-ის სხვა მოკავშირეები იყენებენ, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რუსული სარაკეტო სისტემა ნატოს სტანდარტებთან შეუთავსებელია და თურქეთს მის შეძენაზე უარის თქმისკენ მოუწოდებდნენ.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

ამის შემდეგ რუსეთმა თურქეთს მათი საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა შესთავაზა. გარდა ამისა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთთან ერთად სარაკეტო სისტემების შექმნაზეც იმუშავებენ.

კომენტარები