სტრასბურგის გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე

გვარამია: გამოგზავნილ დოკუმენტში სტრასბურგი წერს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა

ტაბულა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. 

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ Facebook-ზე დაწერა და იუსტიციის სამინისტროს მიმართა:

"ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით, რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?!" - წერს გვარამია. 

გვარამია ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების შეწყვეტასთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და წერს, რომ ამასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას შორის კავშირი არ არსებობს. 

"რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში,"- წერს ნიკა გვარამია. 

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა 2017 წლის მარტში გამოტანილი დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფის შესაძლო საფრთხეების გამო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეაჩერა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშია აღიარებული. მან გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეეხება, თუმცა კომპანიაში მუშაობას ვერ გააგრძელებს ნიკა გვარამია. ხალვაშის ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი პაატა სალია გახდება. ამასთან, ხალვაშმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დაიბრუნა ტელეკომპანია. გარდა ამისა, ქიბარ ხალვაში ამბობს, რომ მზადაა მაქსიმალურად გაითვალისწინოს რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ინტერესი.

კომენტარები