ემანუელ მაკრონი

მაკრონის თქმით ევროკავშირის 8 ქვეყანა მიგრანტების გადანაწილების საკითხზე შეთანხმდა

ემანუელ მაკრონი
AFP

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის 8 ქვეყანამ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების გადანაწილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა მათ შორის იტალია არ არის.

მაკრონის თქმით საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მხარი კიდევ ექვსმა ქვეყანამ დაუჭირა და ის არ დათანხმდება ევროკავშირის სტრუქტურული ფინანსების იმ ქვეყნებისათვის მიწოდებას, ვინც უარს ამბობს მისი წილი პასუხისმგებლობის აღებაზე.

"ჩვენ ვერ გვექნება ქვეყნები, რომლებიც ამბობენ " ჩვენ არ გვსურს თქვენი ევროპა" როდესაც საუბარი მიდგება პასუხისმგებლობის განაწილებაზე, მაგრამ "ჩვენ გვსურს" როდესაც საუბარია ფონდებზე. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მოვაწერ ხელს ფინანსურ დოკუმენტს, რომელსაც ამ მიმართულებით მივყავართ." თქვა მან.

"ევროკავშირის წევრი 14 ქვეყანა ეთანხმება ფრანგულ-გერმანულ დოკუმენტს, მათგან 8 მზადაა თანამშრომლობისათვის, რომელიც კომისიას საშუალებას მისცემს იმოქმედოს მოთხოვნების შესაბამისად და სოლიდარობის პრინციპით." თქვა მაკრონმა.

საფრანგეთისა და გერმანიის გარდა ამ რვა ქვეყანაში შედის ხორვატია, ფინეთი, ირლანდია, ლიტვა, ლუქსემბურგი და პორტუგალია.

მაკრონის განცხადებებს გამოეხმაურა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი. მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა "იტალია ბრძანებებს არ იღებს" და მაკრონს მიმართა, რომ თუ მიგრაციის საკითხის განხილვა სურს რომში უნდა ჩავიდეს.

მიმდინარე თვის დასაწყისში იტალიამ კუნძულ სიცილიაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრანტთა ცენტრი დახურა. გარდა ამისა ქვეყანა საკუთარ პორტებში შესვლის საშუალებას არ აძლებს გემებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გადარჩენაზე მუშაობენ.

კომენტარები