უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

სესიაშვილი, ცქიტიშვილი, კობალაძე - შალვა თადუმაძის რეკომენდატორები უვადო მოსამართლის პოსტზე

მთავარი პროკურატურა

შალვა თადუმაძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - მთავარ პროკურორს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს. 

თადუმაძესთან გასაუბრება დილის 10 საათზე დაიწყო. 

მთავარ პროკურორს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეკომენდატორებად ქართული ოცნების წარმომადგენლები ყავს მითითებული - პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, სესიაშვილის მოადგილე, მუხროვანის ამბოხებისთვის ბრალდებული კობა კობალაძე და ინტრასფტრუქტურის მინისტრი, ვიცე პრემიერი მაია ცქიტიშვილი. 

რეკომენდატორების შესახებ თადუმაძეს კითხვა საბჭოს წევრმა და სხდომის წამყვანმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა დაუსვა:

"თქვენ რეკომენდატორებში მითითებული გყავთ მხოლოდ პოლიტიკოსები მმართველი პარტიიდან. ჟურნალისტების აზრით, ამან შეიძლება მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინოს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?"

შალვა თადუმაძემ უპასუხა: 

"სამივე ადამიანი, არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ჩემი კვალიფიკაცია. არცერთი მათგანი არ არის პოლიტიკური ნიშნით და მმართველ პარტიასთან გაიგივებით შერჩეული. ირაკლი სესიაშვილთან მე გავატარე 11 წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში, ის იყო ჩემი ხელმძღვანელი და თუ ვინმემ ამ ქვეყანაში იცის ჩემი კვალიფიკაცია იცის ირაკლი სესიაშვილმა... თუ კიდე ვინმემ იცის რა შესაძლებლობები გამაჩნია პროფესიული და ადამიანური, იცის მაია ცქიტიშილმა, იმიტომ, რომ მე და ქალბატონმა მაიამ ერთად ვიმუშავეთ 6 წლის მანძილზე მთავრობის ადმინისტრაციაში, ის იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მე ვიყავი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და ჩვენ გვქონდა კვეთა ერთმანეთთან მუშაობის... კობა კობალაძე, რომელიც არის ჩემი მეგობარი, ასევე პარლამენტის წევრი და ერთადერთი ბრალდებული, რომელიც შევძელი, რომ სასამართლო დარბაზიდან გამომეყვანა მაშინ, როდესაც გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებლები არც ისე მაღალი იყო. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც ზუსტად იციან ჩემი შესაძლებლობები და აქ არანაირი პოლიტიკური სიმპატიების ნაწილი არ არსებობს. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ვინმეს შეეძლო ჩემს პროფესიულ და ადამიანურ თვისებებზე ღიად, თავისუფლად და დამაჯერებლად ესაუბრა, ეს იყო ეს ადამიანები". 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები