დიდი ბრიტანეთი

კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის 160,000-მდე წევრმა ახალი ლიდერი აირჩია. 92,153 ხმით ლონდონის ყოფილმა მერმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გაიმარჯვა. მისმა მეტოქემ, მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა კი 46,656 ხმა მიიღო.

პარტიის 159,320 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა 87.4%-მა მიიღო.

ჯონსონი მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ის ტერეზა მეის როგორც პარტიის ლიდერის, ასევე ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ჩაანაცვლებს.

ჯონსონის მთავარი დაპირება იყო, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად დატოვებდა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

ჰანტს მიაჩნდა, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელი იყო.

ჯონსონის პოზიციის გამო გუშინ ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ალან დუნკანმა თანამდებობა დატოვა.

გასულ კვირას გადადგა ბრიტანეთის კულტურის მინისტრი მარგო ჯეიმსიც.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თქვა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება. მან BBC-ს ეთერში თქვა, რომ ჯონსონის ბრექსითის გეგმას 31 ოქტომბერს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების თაობაზე მხარს ვერ დაუჭერს.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა დავიდ გაოკემ თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგება, თუ ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება.

გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები