პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ცქიტიშვილი ბესელიაზე: არ ვთვლი, რომ პირად კადრებზე ჩემი კომენტარი არაეთიკური იყო

ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის აზრით, მისი განცხადებები ეკა ბესელიას პირად კადრებთან დაკავშირებით არაეთიკური არ ყოფილა და ყოფილ თანაგუნდელთან საბოდიშო არაფერი აქვს. საქმე ეხება მინისტრის 22 ივლისის კომენტარს, სადაც ცქიტიშვილმა თქვა, რომ "ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი". მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით, "პოლემიკაში შესვლას" ან "რამე კომენტარის" გაკეთებას აღარ აპირებს.

"არ ვთვლი, რომ არაეთიკური იყო და არ ვაპირებ განმარტებების გაკეთებას. მე ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კომენტარი გავაკეთე ბევრი თვის განმავლობაში და მე მგონია, რომ ყველანაირი კომენტარი იყო ამომწურავი"- ამბობს ცქიტიშვილი. 

დეპუტატი ეკა ბესელია ცქიტიშვილის რეპლიკას Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ როცა ეს კომენტარი წაიკითხა, თვალებს ვერ დაუჯერა. 

"ვერც წავუყრუე და ვერც "გავატარე". ემოციურად ვწერ ახლა, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა: ასეთი რამ რომც გაიფიქრო, როგორ უნდა თქვა საჯაროდ? თან ქალმა. ეს იმაზე უარესია, რაც გვრიტიშვილმა იკადრა. რას ნიშნავეს ეს სიტყვები, ქალბატონო მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს, რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა, რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება?

რას ელოდებით, რომ ამ კითხვას როცა დამისვამენ, გადავიმალო? ზუსტად ეს მიზანი ჰქონდა მას, ვინც ეს დაგეგმა. დღემდე ვინარჩუნებ ეთიკურობას და არ ვსაუბრობ ბევრ რამეზე და მართლა ფიქრობს ვინმე თქვენგან, რომ სულ ესაა ყველაფერი? აი, ეს კომენტარი იყო ყველა კომენტარს შორის ყველაზე მდაბიო და სამარცხვინო,"- წერს ბესელია. 

ეკა ბესელიამ, რომელსაც რამდენიმე თვის წინ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, 14 ივნისს, თქვა, რომ გაეცნო საქმის მასალებს და მისცა ჩვენებაც, სადაც დაასახელა საეჭვო პირთა წრე. მისი ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ადამიანია და მათგან ერთ-ერთის გვარი მოქმედი დეპუტატის გვარს ემთხვევა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ მისი კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა პირველ დაპირისპირებას ქართულ ოცნებასთან და შემთხვევითი დამთხვევები ასეთ საქმეზე არ ხდება. მან ამ თემაზე უფრო ვრცლად საუბარი 30 ივნისის შემდეგ დააანონსა.

28 იანვარს დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო, რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

1 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 ახალგაზრდა დააკავა. მათი დანაშაული იმაში მდგომარეობდა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ნახეს და ის რამდენიმე მეგობარს გაუგზავნეს. მათ ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. 

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

2 მაისს, პარლამენტში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკა ბესელიას კითხვას, არის თუ არა დაცული მოქალაქეთა პირადი ცხოვრების საიდუმლოება, უპასუხა და თქვა:

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში პირველწყაროს ვიპოვით. ამის გაცხადების აბსოლუტურად ობიექტური და ადეკვატური მიზეზები მაქვს, თუმცა ფორმალური მხარე არ მაძლევს იმის საშუალებას, ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრო".

კომენტარები