უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე: ორმოცდაათეულშიც, ოცეულშიც და უზენაესშიც სამართლიანად მოვხვდები

პალიტრა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა შალვა თადუმაძეს გასაუბრებაზე კითხვა დაუსვა იმ შესაძლო გარიგებისა და კორუფციის შესახებ, რომლითაც უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების მოკლე სია შედგა. 

თადუმაძეს, რომელიც მთავარი პროკურორია, ასევე სურს, უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნოს. ის ერთ-ერთია იმ 50-დან, რომელიც მეორე ეტაპზე 144 კანდიდატიდან გადავიდა. 

ნაზი ჯანეზაშვილი:

"სახალხო დამცველმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, შეფასება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ, სავარაუდოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10 წევრი, ერთიანი სქემით მოქმედებდა და ისე გადაიყვანეს 50 ადამიანი მეორე (გასაუბრების) ეტაპზე. როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩნდება ასეთი სერიოზული ეჭვები, თუ თქვენ აგირჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ იმ პროცესების შედეგად, რომელიც გამოირჩეოდა დარღვევებით, შეიძლება თუ არა ასეთი მოსამართლე მივიჩნიოთ ლეგიტიმურად და შესაძლებელია თუ არა, რომ ამ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეებზე დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება რადგან იგი დარღვევების საფუძველზე იქნა არჩეული თანამდებობაზე?"

შალვა თადუმაძე:

"მე ვფიქრობ, რომ 50-ეულშიც, 20-ეულშიც და უზენაესშიც სამართლიანად მოვხვდები. მე ვიცნობ ომბუდსმენის დასკვნას, მე არ ვისაუბრებდი ამ თემაზე, თქვენი კითხვა რომ არ იყოს ერთი, და მეორე, 2016 წელს რომ არ მქონდეს ღია ტრიბუნაზე დაფიქსირებული ომბუდსმენის დასკვნების მიმართ ჩემი კრიტიკული პოზიცია. ომბუდსმენის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა ადამიანის უფლებების დარღვევაზე რეაგირებების მოხდენა ქვეყანაში და ამ დასკვნაში ვერ წავიკითხე, რომელი ადამიანის რა უფლება დაირღვა. არ მგონია, რომ ომბუდსმენი არის ის პირი, რომელიც ამ საკითხებთან მიმართებაში სანდოობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, რადგან ეს გამოცდილებები ომბუდსმენს არ უნდა ჰქონდეს. გარწმუნებთ, რომ იურისტზე მეტად კარგად ვიცი მათემატიკა, მათ შორის ალბათობის თეორია, უმაღლესი მათემატიკაც და ჩემ შემთხვევაში, ორი მოსამართლის აზრიც დაემთხვეს ერთმანეთს ალბათობის 1-1-ში ხარისხი არსებობს ის, რომ 4 დაემთხვეს ამის ალბათობაც არსებობს, მაგალითად საპროკურორო საბჭოს 11-ვე წევრის გადაწყვეტილება დაემთხვა ერთმანეთს ჩემთან მიმართებაში და პარლამენტში 101 წევრის პოზიცია დაემთხვა ჩემი მთავარ პროკურორად არჩევის შემთხვევაში". 

შალვა თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დილის 10 საათიდან უსმენს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 10 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

კომენტარები