უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

თადუმაძე: არ უნდა ვუყურებდე იუსტიციის საბჭოს ემბლემის წინ საუბარს, რომ წესიერი არაფერი ხდება

0 კომენტარი
ფოტო: პალიტრა

შალვა თადუმაძე ფიქრობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილის და ანა დოლიძის მიერ გაკეთებული განცხადებები სასამართლო სისტემასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული პრობლემების შესახებ სისტემის რეპუტაციას აზიანებს.  

უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის მსურველმა მთავარმა პროკურორმა საბჭოში გასაუბრებაზე თქვა: 

“საუბარი არ მაქვს, რომ გამოხატვა შეიზღუდოს. კოლეგიურ ორგანოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, კოლეგიურ ორგანოში ის განცდაც არსებობს, რომ “ჩემი აზრი გაითვალისწინე და მისი - არა“, კოლეგიურ ორგანოში არსებობს ის განცდა, რომ ვთქვა, ჩემი აზრი ამ შემთხვევაში არ გაითვალისწინეს ამიტომ, ამიტომ... მაგრამ სისტემური განცხადებების კეთება - მე, როგორც პროკურორს პრობლემა არ მაქვს, როგორც ადვოკატს მით უმეტეს, არ მექნება პრობლემა, მაგრამ როცა ვუყურებ, რომ იუსტიციის საბჭოს ემბლემის წინ დგას ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ აქ არაფერი წესიერი არ ხდება, ბუნებრივია, ამ ხელისუფლების და ამ ინსტიტუტის რეპუტაცია ძალიან მძიმეა. ხშირ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ვთქვათ, ქმნის განცდას, რომ ერთი, ეს რეპუტაცია უნდა გადაარჩინო, რომელიც ამ განცხადებამ შექმნა და მეორე, იზრუნო განვითარებაზე, რათა ახალი რეპუტაცია მიიღო. მგონი, ამ დისკუსიაში არ უნდა შემოვდიოდე, მაგრამ როცა ეს არის საბჭო, ჩემი აზრით, აქ უნდა მთავრდებოდეს. ჩემი აზრით, მე, მოქალაქე არ უნდა ვუყურებდე იუსტიციის საბჭოს განცხადებას, რა ცუდია იუსტიციის საბჭო, ან სასამართლო", - თქვა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ აქვს პატივისცემა, წლების ნაცნობობა, მაგრამ “ხელისუფლების ოფიციალური განცხადება უნდა იყოს ოფიციალური განცხადება“.

“ხელისუფლების იმიტომ, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებაა და იუსტიციის საბჭო სასამართლო ხელისუფლების მენეჯმენტის რგოლია. ასეთი განცხადებები, მე მგონი, რომ აზიანებს. ნამდვილად არ წაადგება, თუმცა აზრი გასათვალისწინებელი, დასაფასებელია. თმენის ვალდებულებები, ცხადია, არსებობს. პრობლემა არის ის, რომ ერთი - რეპუტაციაზე იქ უნდა ვიზრუნოთ, სადაც შეგვიძლია აქ (საბჭოში) ვიმსჯელოთ. შემდეგ კიდევ დამოუკიდებელ რეპუტაციაზე უნდა ვიზრუნოთ, იმიტომ რომ ამ ოთახის იქითაც არსებობს სასამართლო ხელისუფლება და იქაც რაღაცები გასაკეთებელია, რეპუტაცია რომ გვქონდეს. ჩემი მოადგილეები რომ გამოდიოდნენ და იძახდნენ, პროკურატურას საზოგადოების ნდობა არა აქვს და რა გვეშველება?! ან იგივე ჩემი საბჭოს წევრები გამოდიოდნენ და იმავეს იძახდნენ, ბუნებრივია, ჩემი მდგომარეობა უფრო მძიმე იქნება“, - თქვა შალვა თადუმაძემ.

შალვა თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დილის 10 საათიდან უსმენს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. 

22 ივლისს საბჭომ გამოკითხა თადუმაძის პირველი მოადგილე, მამუკა ვასაძე, რომელსაც ასევე სურს უზენაეს სასამართლოს უვადო მოსამართლეობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლის 20 ვაკანტურ პოზიციაზე უვადოდ განთავსებისთვის თავდაპირველად 144 კანდიდატი იბრძოდა.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად შემდეგ, გასაუბრების ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. ამ 50 კანდიდატის შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველს. ომბუდსმენი ამ პროცესში ნეპოტიზმსა და გარიგებაზე საუბრობს. 

50-კაციან სიაში, სხვა კანდიდატებთან ერთად არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი მიქაუტაძეც, რომელსაც ჯანეზაშვილი და დოლიძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალს "კლანის წევრობაში" სდებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები